კოვიდ 19-ის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, სავარაუდოდ, უფრო ადვილად გადამდებია, შესაძლოა, ახალგაზრდებისთვის უფრო საშიში, ვაქცინების მიმართ კი უფრო რეზისტენტული იყოს, – ამის შესახებ სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები აცხადებენ.
ამასთან, არსებობს შიში, რომ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის უფრო მრავალრიცხოვანმა ინდივიდუალურმა მუტაციამ შეიძლება იმ ადამიანების “ხელახალი ინფიცირება” შეძლოს, რომლებმაც უკვე ჰქონდათ ვირუსი და გამოჯანმრთელდნენ.
„ვირუსის აღნიშნული ვარიანტი ადამიანიდან ადამიანზე ცოტა უფრო ადვილად გადადის, რაც არ არის კარგი და ნიშნავს იმას, რომ მის შესაჩერებლად ცოტა უკეთ უნდა ვიმოქმედოთ,“- აცხადებს დოქტორი რიჩარდ ლესელსი, ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელიც კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტს იკვლევს.
მეცნიერები ასევე განმარტავენ, რომ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტში გამოვლენილი მუტაციები საშუალებას აძლევს ვირუსს, მანამდე არსებულ ვარიანტებთან შედარებით უკეთესად შეაღწიოს უჯრედებში, რაც მას პოტენციურად უფრო ადვილად გადამდებს ხდის, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე ფორმასთან იყოს დაკავშირებული.
„ამ ეტაპზე არ არსებობს იმის აშკარა მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებასთან ან უარეს შედეგებთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმის დასადგენად, შეცვლის თუ არა ეს ახალი ვარიანტი დაავადების მიმდინარეობას, კლინიკური კვლევები ტარდება”, – აცხადებენ მეცნიერები.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა გასული კვირის ბოლოს განაცხადეს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, სამხრეთ აფრიკიდან მოქალაქეების შესვლა აკრძალა.
წყარო : theguardian.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”