21 იანვარს, 17 მოსამართლისგან შემდგარმა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება და რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
საქართველო რუსეთის ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რისთვისაც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ესენია:
- სიცოცხლის უფლება;
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
- საკუთრების დაცვა;
- განათლების უფლება;
- მიმოსვლის თავისუფლება.
გარდა ამისა რუსეთის ფედერაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან არ ითანამშრომლა.
საქართველომ საჩივარი 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, ხოლო ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. საქმეზე პირველი სხდომა 2011 წელს გაიმართა, ხოლო დიდ პალატას 2012 წლის 3 აპრილს გადაეცა. 2021 წლის 21 იანვარს კი საბოლოო გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალკე უნდა განიხილოს დაზარალებული მხარის კონპენსაციის საკითხი, რისთვისაც მხარეებს 1 წლიანი ვადა ეძლევათ.
სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა სტრასბურგის სასამართლოში განხილვის მოლოდინშია დაახლოებით 2 000 ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ასევე 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”