რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გუანტანამოს ცნობილი ციხის დახურვას გეგმავს და ამას მისი მანდატის ამოწურვამდე გააკეთებს.
გუანტანამოს ციხე მდებარეობს კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მისი შექმნის ისტორია უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელს და 2001 წლის, 11 სექტემბრის ყველაზე მასშტაბურ ტერაქტს, რომელსაც 2977 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტული აქტის შემოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა” იყო და ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. გუანტანამოს ციხეში სწორედ ტერორიზმში უცხოელი ეჭვმიტანილები იმყოფებიან. კრიტიკოსებს კი არ გამორჩენიათ ციხის გამოკითხვის უმკაცრესი მეთოდები და ძალის გადამეტება. ასევე არსებობს ფაქტები სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ადამიანების დაკავების, რაზეც პრეზიდნეტ ბუშის ადმინისტრაცია პასუხობდა, რომ აშშ არც იყო ვალდებული პატიმრები დაეცვა, რადგან ბაზა არ მდებარეობს აშშ-ს ტერიტორიაზე. გუანტანამოს ციხე კი ხშირად ხვდება უფლებადამცველი ორგანიზაციების დღის წესრიგში.
2009 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოითხოვა ციხის დახურვა და დაკავებულების შეერთებულ შტატებში გადაყვანა, თუმცა ეს პროცესი შეაფერხა წინააღმდეგობამ, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კი პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა შეცვალა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხი ისევ აქტუალური გახდა და ისევ ობამას პოლიტიკურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”