თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მთავრობა ცდილობს, ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს. ვიმედოვნებ, თვითშეზღუდვები მაინც დარჩება თუნდაც შარშანდელი გამოცდილებით, თავად მოსახლეობაც აღარ იქნება ისეთი თამამი. ძირითადი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ისეთი შეზღუდვების მოხსნაზე, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის გახსნასთან და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან. მატება იქნება თუ მოსახლეობა ამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად უარს იტყვის რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე. შეზღუდვები შეიძლება მოვხსნათ, მაგრამ პირბადე უნდა ვატაროთ. გამოიკვეთა საგანგაშო სიგნალები. როცა შემთხვევები ბევრი იყო და გვიჭირდა, პირბადის ტარების პროცენტი იყო 72, ერთ კვირაში ჩამოვიდა – 62 პროცენტი. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის -პირბადის ტარებაზე და რეკომენდაციებზე უარის თქმა. მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება. გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”