close
არქეოლოგია

არქეოლოგებმა პომპეისთან ახლოს საზეიმო ცერემონიებისთვის განკუთვნილი ეტლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დამარხულ ქალაქთან, პომპეისთან ახლოს უძველესი რომაული საზეიმო ცერემონიებისთვის განკუთვნილი ეტლი აღმოაჩინეს.

კარგად შემონახული ოთხბორბლიანი ეტლი, რომელიც დამზადებულია რკინის, ბრინჯაოსა და კალასგან, უძველესი ვილის, Civita Giuliana-ის თავლებთან ახლოს, პომპეუსის კედლების ჩრდილოეთით 700 მეტრის დაშორებით იპოვეს.

პომპეის არქეოლოგიური ძეგლის დირექტორის, მასიმო ოსანას თქმით, უძველესი პომპეოს ტერიტორიაზე ეტლები მანამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა მხოლოდ ისეთები, რომლებიც ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოიყენებოდა, რაც შეეხება ბოლო აღმოჩენას, ის ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი პირველი ამ ტიპის ეტლია.

”ეს არის არაჩვეულებრივი აღმოჩენა, რომელიც ანტიკური სამყაროს უკეთ გაცნობაში გვეხმარება. როგორც ჩანს, ეტლი სადღესასწაულო ცერემონიების დროს, როგორიცაა აღლუმები და მსვლელობები, გამოიყენებოდა,“- აღნიშნა ოსანამ.

იტალიის კულტურის სამინისტრომ მას “უნიკალური აღმოჩენა უწოდა, რომელიც უპრეცედენტოა იტალიისთვის.”

პომპეიში, რომელიც ნეაპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში მდებარეობდა, დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობდა, როდესაც, ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს, იგი უამრავი ატომური ბომბის ექვივალენტი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი  ნაცრის, პემზის კენჭებისა და მტვრის ქვეშ დაიმარხა.

ამ დრომდე ანტიკური, 66 ჰექტარზე გაშენებული ქალაქის დაახლოებით ორი მესამედია აღმოჩენილი. ტერიტორიაზე ორგანიზებული გათხრები დაახლოებით 1750 წელს დაიწყო.

პომპეი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0