იუსაკუ მაეზავა არის ადამიანი, რომელიც 8 ადამიანს მისცემს შანსს სრულიად უფასოდ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღოს. იაპონელმა მილიარდერმა დაგეგმა ილონ მასკთან თანამშრომლობა და SpaceX-ის ფრენაზე მოხალისეების მიწვევა 2023 წელს მთვარეზე დაუვიწყარი მოგზაურობისთვის.
განცხადებების მიღება გრძელდება 14 მარტამდე, საბოლოო გასაუბრება, სამედიცინო შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი პროცედურები მაისის ბოლოს იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ხომალდი ტესტირების საწყის ეტაპზეა, ილონ მასკი ამბობს, რომ იგი დარწმუნებულია ორ წელიწადში სრულ მზადყოფნაში იქნება. შეგახსენებთ, რომ SpaceX Starship-ის პირველი ორი საცდელი ფრენა წარუმატებლად, აფეთქებით დასრულდა.
საერთო ჯამში, ფრენაში მონაწილეობას მიიღებს 10-12 ადამიანი. მაეზავა ამბობს, რომ მასთან ერთად კოსმოსში ფრენისთვის ორი პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული: ‘’უნდა იყოს ისეთი ადმიანი, რომელიც საზოგადოებას დახმარებას უწევს და მზადაა ეკიპაჟის დანარჩენ წევრებსაც დაუჭიროს მხარი’’.
ვიდეოგამოსვლაში ილონ მასკი ამ მოგზაურობის შესახებ ამბობს, რომ ეს იქნება პირველი კოსმოსური ფრენა 1972 წლის შემდეგ, რომელიც დედამიწის ორბიტის მიღმა გაემგზავრება ადამიანებთან ერთად. არსებობს კითხვები თუ რა თანხა შეიძლება დაუჯდეს მაეზავას 8 ადამიანის მთვარეზე გაფრენა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მისთვის უცხო არ არის, რადგან მაგალითად 2017 წელს აუქციონზე ნახატისთვის მან დახარჯა რეკორდული 110.5 მილიონი დოლარი.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”