გიფიქრიათ, ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანისგან შორს ყოფნაში ფულს გიხდიდნენ?
ამერიკული კომპანია Reviews.org მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ეკრანისგან შორს ყოფნაში 2 400 დოლარს გადაუხდის. კომპანიამ ,,ტექნოლოგიებისგან დეტოქს” კამპანია წამოიწყო, რის ფარგლებშიც მონაწილეებმა უნდა გაძლონ ეკრანის გარეშე ერთი დღის განმავლობაში.
მარტივად ჟღერს დავალების შესრულება, მაგრამ გამოწვევა ცოტათი უფრო რთულია. მოხალისეები ერთი დღის განმავლობაში არა მხოლოდ ტელეფონების, არამედ ტელევიზორის, კომპიუტერის, კომპიუტერული თამაშების, ჭკვიანი საათების, ანდა ჭკვიანი სახლის მოწყობილობების გარეშე უნდა გაძლონ. მონაწილეები მიიღებენ სეიფებს, სადაც 24 საათის განმავლობაში შეინახავენ ელექტრომოწყობილობებს.
მონაწილეობის მისაღებად კომპანია ითხოვს კითხვარის შევსებას და სულ რაღაც 100 სიტყვიან პასუხს კითხვაზე, თუ რატომ იღებენ მონაწილეობას. განაცხადების მიღება 26 მარტს შეწყდება და გამარჯვებულებს 29 მარტს გამოაცხადებენ. მონაწილეობის მიღება მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებლებს შეუძლიათ.
პანდემიის პირობებში ბევრ ადამიანს მოუწია დისტანციურად მუშაობა, სტუდენტებს დისტანციურად სწავლა, რამაც მათი ეკრანზე კიდევ უფრო მიჯაჭვულობა გამოიწვია. Common Sense Media-ს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს თინეიჯერების დიდი ნაწილი გასართობად მედიასაშუალებებს დღეში 7 საათზე მეტ დროს უთმობს.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“