კანადაში ჩატარებულმა ფართომასშტაბუანმა კვლევის თანახმად, აზრი იმის შესახებ, რომ ეპიდურული ანესთეზია ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, მცდარია.
კვლევის ფარგლებში 120 000-ზე მეტი ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვი შეისწავლეს და მეცნიერებმა ამ ტიპის ტკივილგამაყუჩებლებსა და აუტიზმის სპექტრის აშლილობას შორის ვერანაირი კავშირის ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს.
კვლევისას მეცნიერებმა გააანალიზეს შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორების გრძელი სია, რომლებიც ადრე უგულებელყოფილი იყო – მათ შორის დედის ასაკი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ორსულობამდე მდგომარეობა, მათ შორის დიაბეტი, ჰიპერტენზია და დეპრესია. ასევე ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობა, მათ შორის ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობა, დედების მიერ მიღებული მედიკამენტები, ნარკოტიკების მოხმარება და ხელოვნური მშობიარობა.
გარდა იმისა, რომ მშობიარობის 123 000 შემთხვევის შესწავლისას ეპიდურულ ანესთეზიასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მომატებულ რისკს შორის კავშირი არ დადასტურდა, კვლევის ავტორების განმარტებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ეპიდერულ ანესთეზიას სერიოზული გართულებები იშვიათად ახლავს.
”ეპიდურალი ანესთეზიის ირგვლივ არსებული მტკიცებულებების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ჩვენი ახალი კვლევა, აჩვენებს, რომ ის მშობიარობის დროს ტკივილის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალებაა და სერიოზული გართულებები იშვიათად ახლავს თან,“- განაცხადა სტატისტიკოსმა და ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევარმა მანიტობის უნივერსიტეტიდან ელიზაბეტ უოლ-ვილერმა.
მისი განმარტებით, ეპიდურალ მშობიარობას ტკივილის შემსუბუქების გარდა სხვა სარგებელიც აქვს. ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელი და სასწრაფო საკეისრო კვეთა გახდა საჭირო, ტკივილის შემსუბუქება უკვე უზრუნველყოფილია – ის ასევე ამცირებს ზოგადი ანესთეზიის საჭიროებას, რაც უფრო დიდ რისკებს წარმოადგენს დედისა და შვილისთვის.
კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა