შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ“ „ფაიზერ/ბიოტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა და ამ ასაკის მოქალაქეებში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან დაიწყება.
ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს. ქვეყანაში დღემდეკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ცრიან.
კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.
კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100 %-იანი ეფექტურობა აჩვენა.
კომპანიებმა შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს.
კომპანიებში აცხადებენ, რომ 2-დან 11 წლამდე ბავშვებში მათი ვაქცინის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები, სავარაუდოდ, სექტემბერში ექნებათ და შესაბამისად, ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.
აშშ-ის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით 46 პროცენტს აქვს მიღებული.
წყარო : reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტარაბაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა