close
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

საქართველოში ავოკადოს პირველი საცდელი მეურნეობა გაშენდა

ქართულმა კომპანია „ჯეონათსმა“, გურიაში, ექვს ჰექტარზე, ავოკადოს პირველი კომერციული მეურნეობა გააშენა. პირველი მოსავლის აღება უკვე მომავალ წელს იგეგმება, თუმცა ავოკადოს პირველი მეურნეობა სრულ წარმოებაში მხოლოდ 4-5 წელიწადში ჩაეშვება. ექსპერტების პროგნოზით, ავოკადოს მოყვანას მზარდი პოტენციალი აქვს საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა განაგრძობს სხვადასხვა სახეობის კვლევასა და ექსპერიმენტირებას, რათა მათი ადგილობრივ პირობებთან ადაპტირება მოხდეს.

„ცნობილია, რომ კომპანია ჯეონათსმა ავოკადოს ნათესარები იტალიური Vivai Zanzi-სგან შეისყიდა. ნათესარებისა და ავოკადოს სახეობები საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. ამ ეტაპზე კომპანია პროექტის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს და ვერც საქართველოში ავოკადოს გაშენების სამომავლო პერსპექტივას აფასებს,“-აღნიშნულია east-fruit.com-ის სტატიაში.

„მსოფლიო ბაზარზე, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში, ავოკადოს ყველაზე სწრაფად მზარდი პოზიცია უკავია. საექსპორტო ბაზრებზე იგი ბოლო დროის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსაც კი უსწრებს, როგორიცაა მოცვი, ალუბალი, მანგო ან დურიო. მსოფლიო ბაზარზე ავოკადოს ექსპორტი, ყოველწლიურად, საშუალოდ 780 მილიონი აშშ დოლარით იზრდება, შესაბამისად, ავოკადოს კულტივაციის პიონერები საკმაოდ მზარდ ტენდენციას უერთდებიან, თუმცა, არსებობს რისკი – მანამდე საქართველოში ავოკადოს კომერციული მიზნით მოყვანა არ მომხდარა,“ – ამბობს ანდრეი იარმაკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიიზაციის (FAO) საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხილის კულტურების კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ბობოყაშვილმა east-fruit-თან საქართველოში ავოკადოს გაშენების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავოკადოს კულტივაცია საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და აფხაზეთში 1940-1950 ხდებოდა, თუმცა, წარუმატებლად, რადგან სახეობები ყინვაგამძლე არ გამოდგა, ხოლო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში საქართველოში ზამთარი საკმაოდ მკაცრი იყო.

„დღეს საქართველოში კლიმატი მეტად ლმობიერია, შესაბამისად, შეიძლება ავოკადოს მოყვანის განხილვა, თუმცა საჭიროა შესაბამისი სახეობების შერჩევის კვლევა და მცირე ზომის, სატესტო მონაკვეთებზე კულტივაცია. ავოკადოს ზოგიერთ სახეობას შეუძლია -5-6 გრადუსიან ყინვას გაუძლოს, ასევე არსებობს სახეობები, რომლებიც -10-11 გრადუსსაც უძლებენ, როგორიცაა მექსიკური ავოკადო. ამგვარად, აღნიშნული სახეობების საქართველოში მოყვანა შესაძლებელია. ავოკადო ციტრუსის მსგავსია და აქედან გამომდინარე, მისი გამრავლება საქართველოს იმ რეგიონებშია რეკომენდირებული, სადაც ციტრუსი ხარობს, საუბარია შავი ზღვის სანაპიროზე, თუმცა, წინასწარი კვლევა მაინც აუცილებელია. გლობალურმა დათბობამ ისეთი კულტურების გამრავლების საშუალება მოგვცა, რასაც მანამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წარმოუდგენლად მივიჩნევდით, თუმცა, ზოგადად გლობალური დათბობის შედეგები დადებითი ნამდვილად არ არის, რადგან ტემპერატურის ზრდასთან ერთად იმატებს ექსტრემალური კლიმატური მოვლენები. მაგალითისთვის, იმატა გვალვის ხანგრძლივობამ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ყველა მცენარეზე, მათ შორის, სუბტროპიკულ სახეობებზე“, -აღნიშნა ბობოყაშვილმა.

ბობოყაშვილი მიიჩნევს, რომ ავოკადოს კულტივაციას საქართველოში მზარდი პერსპექტივა აქვს, თუკი ქვეყანა განაგრძობს კვლევას და სხვადასხვა სახეობების ექსპერიმენტირებას, რათა ადგილობრივ გარემო-პირობებთან ადაპტაცია მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ ავოკადოს მოხმარება მსოფლიოს სხვა ქვეყნების გარდა, მზარდია საქართველოს მეზობელ რუსეთსა და უკრაინაშიც. ამ ორ ქვეყანას, ძირითადად, თურქეთი ამარაგებს და საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებს ექსპორტიდან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0