მუმია, რომელიც მეცნიერებს თავდაპირველად მღვდელი ეგონათ, ორსული ქალი აღმოჩნდა. აღმოჩენა ეკუთვნის პოლონელ მეცნიერს, რომელმაც მუმიის საფუძვლიანად გამოკვლევისას, სკანირების დროს აღმოაჩინა სხეულში პატარა ფეხი.
მუმია პოლონეთში პირველად 1826 წელს მოხვდა, რა დროსაც მკვლევარები თვლიდნენ, რომ მუმიის სქესი მდედრობითი იყო, თუმცა შეხედულება შეიცვალა 1920-იან წლებში, როდესაც სარკოფაგზე თარგმნეს წარწერა, რომელზეც ეგვიპტელი მღვდლის სახელი იწერა.
მუმია ვარშავის უნივერსიტეტს ეკუთვნის, თუმცა 1917 წლიდან ვარშავის ეროვნული მუზეუმის გამოფენის ნაწილი გახდა. შემდგომმა და უფრო დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ სხეულის სქესი მდედრობითია. ქალი გარდაიცვალა სავარაუდოდ 20-30 წლის ასაკში, ხოლო ნაყოფი იქნებოდა 26-30 კვირის.
მეცნიერებისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია ქალის გარდაცვალება, ეს შემდეგი კვლევის ობიექტია. მათთვის ყველაზე დიდ ამოცანას წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რატომ დატოვეს მუმიფიცირების დროს ნაყოფი დედის ორგანიზმში, რადგან მუმიფიცირებამდე შინაგან ორგანოებს ჩვეულებრივ იღებენ. სკანირებამ კი გამოავლინა, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ იყო საშვილოსნოში.
არქეოლოგების აზრით, მუმია შესაძლოა სხვა სარკოფაგში იმყოფებოდა, რაც ხსნის გაურკვევლობას, თუ რატომ იყო მუმია მოთავსებული სარკოფაგში მღვდლის სახელით, რადგან XVIII-XIX საუკუნეში ხშირად ძარცვავდნენ სარკოფაგებს, იპარავდნენ ნივთებს და ანაცვლებდნენ გვამებს.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”