ეს მონაცემები ციური სხეულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება!
NASA-ს მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Parker პლანეტა ვენერას ატმოსფეროდან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირა, რომელიც მეცნიერებმა აუდიო ფორმატად გარდაქმნეს. თავის მხრივ, ახალი მონაცემები მათ ციური სხეულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარა…
ვენერას, ზომითა და შემადგენლობის მსგავსების გამო, ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, თუმცა ჩვენთვის მაინც იდუმალებით მოცულია. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს და ტემპერატურა 470ºC-ს აღწევს – ამიტომაც, პლანეტა იქ არსებული მაღალი ტემპერატურის გამო ამჟამად კომპლექსური სიცოცხლისთვის არათავსებადია.
NASA-ს ზონდი ვენერას 2020 წლის 11 ივლისს, მისიის ფარგლებში მესამედ მიუახლოვდა, რათა მისი მიზიდულობის ძალა ტრაექტორიის გასასწორებლად და მოძრაობის ასაჩქარებლად გამოეყენებინა. ხომალდმა ობიექტის ზედაპირიდან მომავალი სიგნალის დაფიქსირება 833 კილომეტრი მანძილზე ჩავლისას, იონოსფეროში შეძლო. ეს მან მასზე დამონტაჟებული ხელსაწყოს FIELDS საშუალებით მოახერხა, რომელიც მზის ატმოსფეროში ელექტრული და მაგნიტური ველების გასაზომადაა შექმნილი.
ახალი ნაშრომის თანმხლებ პრესრელიზში მეცნიერი გლინ კოლიზონი განმარტავს, რომ ის ერთი დღის განმავლობაში ფიქრობდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სიგნალის წყარო. “მეორე დღეს გავიღვიძე და გავიფიქრე – ღმერთო ჩემო, ვიცი რა არის ეს!”. მან გააცნობიერა, რომ რადიოსიგნალი ძალიან ჰგავდა მონაცემებს, რომლებიც NASA-ს გალილეოს ორბიტერმა დაუბრუნა, როდესაც ის იუპიტერის მთვარეების იონოსფეროში გადიოდა. ასე რომ სიგნალი, შესაძლოა, სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ზონდი ვენერას იონოსფეროში იმყოფებოდა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ვენერას ატმოსფეროზე მზის გავლენის შესწავლა პლანეტის განვითარების ეტაპების უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება. ზონდის მიერ გადაღებული სურათები ვენერას ისე წარმოგვიდგენს, როგორც აქამდე არასდროს გვინახავს. რადიოსიგნალის სიხშირე კი უბრალოდ ყველა მოლოდინს აჭარბებს…
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნების მეშვეობით შევძლებთ დავადგინოთ, როგორ იქცა ოდესღაც დედამიწის მსგავსი ციური სხეული ისეთად, როგორიც დღესაა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”