მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი დიდი აფეთქების შემდგომ პერიოდზე, როდესაც მაღალი ტემპერატურისა და სიმკვრივის სამყაროში ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკები ჯერ სართოდ არ იყო. აქედან გამომდინარე, მეცნიერებისთვის არც ისე მარტივ საქმეს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ როდის წარმოიშვა პირველი სპირალური გალაქტიკები.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, Atacama Large Millimeter/submillimeter Array (ALMA) (ატაკამაში განლაგებული რადიოტელესკოპების წყება) პროექტიდან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სპირალური სტრუქტურის გაუმჭვირვალე გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1.4 მილიარდი წლის შემდეგ წარმოიშვა. ეს ამ ტიპის უძველესი გალაქტიკაა, რაც მეცნიერებს აქამდე აღმოუჩენიათ.
სამყაროს განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე წარმოქმნილი სპირალური გალაქტიკის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მეცნიერებს დაეხმარება გარკვეული ინფორმაციის მოპოვებაში იმის შესახებ, თუ როდის და რა ძალებით ყალიბდებოდნენ პირველი სპირალური გალაქტიკები.
“ALMA-ს მაღალი ხარისხის მონაცემების საშუალებით იმდენი დეტალის გარჩევა შევძელი, რომ თავიდან მეგონა, ირმის ნახტომთან ახლომდებარე გალაქტიკასთან გვქონდა საქმე”, — ამბობს თავის პრეს რელიზში კვლევის მთავარი ავტორი, ტაკაფუმი ცუკუი და SOKENDAI-ის სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკაც სპირალური სტრუქტურისაა. დღეს ამ ტიპის გალაქტიკები მთელი სამყაროს გალატიკების რაოდენობის 70%-ს შეადგენენ, თუმცა, აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ინტენსიურად სწავლობენ მეცნიერები სამყაროს შორეულ წარსულს, მით უფრო იკლებს სპირალური გალაქტიკების წილი კოსმოსში. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ცდილობენ იმის გაგებას, თუ როდის და როგორ წარმოიშვა სპირალური გალაქტიკები. კვლევის ფარგლებში, ცუკუიმ და სატორუ იგუჩიმ, იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიისა და SOKENDAI-ის პროფესორმა აღმოაჩინეს, რომ ზემოაღნიშნული გალაქტიკა, რომელსაც BRI 1335-0417 უწოდეს, 12.4 მილიარდი წლით თარიღდება და რომ იგი შედგებოდა დიდი რაოდენობით მტვრისგან. ეს დაკვირვებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
ALMA-ს რადიოტელესკოპების საშუალებით შესაძლებელია გალაქტიკის კარბონული იონებისგან მომავალი რადიოემისიების დაფიქსირება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ შორეული გალაქტიკის შიდა მხარე, რომელიც ხილული სინათლისთვის გაუმჭვირვალეა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სპირალური სტრუქტურის მქონე BRI 1335-0417 გალაქტიკის რადიუსი 15 000 სინათლის წელია — რაც ირმის ნახტომის რადიუსის მესამედს წარმოადგენს, თუმცა, უხეში დათვლებით, მასით ჩვენი გალაქტიკის ტოლია. როგორც ცუკუი ამბობს, BRI 1335-0417 მაშინდელ სამყაროში გიგანტური გალაქტიკა უნდა ყოფილიყო.
აქედან, ისმის კითხვა: როგორ შეიძლებოდა ასეთი აშკარად კომპლექსური სპირალური სტრუქტურის ფორმირება მაშინ, როდესაც სამყარო სულ რაღაც 1.4 მილიარდი წლის იყო? მეცნიერებს ამ საკითხზე არაერთი მოსაზრება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით კი — შესაძლოა, BRI 1335-0417 სხვა, უფრო პატარა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად წარმოიშვა.
12.4 მილიარდი წლის წინ, BRI 1335-0417 გალაქტიკაში აქტიურად მიმდინარეობდა ვარსკვლავების ფორმირება, აირი კი გალაქტიკის გარე შრეში გრავიტაციულად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა — ეს იდეალური ვარკსვლავების ფორმირებისთვის მდგომარეობაა. როგორც წესი, ასეთი პირობები მაშინ იქმნება, როდესაც სხვა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად, გალაქტიკის საზღვრებთან დიდი რაოდენობით აირები გროვდება.
მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ასეთი გალაქტიკები ადრეულ სამყაროში გიგანტური ელიფსური გალაქტიკების პროტო ფორმებს წარმოადგენდნენ. თუ ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ BRI 1335-0417, ბოლო 12.4 მილიარდი წლის მანძილზე, ელიფსურ გალაქტიკად უნდა გარდაქმნილიყო.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”