თურქმენეთის ტერიტორიის 70% უდაბნოს უჭირავს და ქვეყანა საკმაოდ მდიდარია ნავთობით. უდაბნოს ცენტრალურ ნაწილში შესაძლოა გადავეყაროთ მეტად საინტერესო ადგილს, ე.წ. “ჯოჯოხეთის კარიბჭეს”, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია რაც საერთოდ არ ჩამქრალა.
დერვეზის ორმოს ჩამოყალიბებას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 1971 წელს საბჭოთა კავშირში საბჭოთა გეოლოგებმა დაიწყეს მუშაობა ამ ტერიტორიაზე, ცენტრალურ აზიაში ნავთობის მოძებნის მიზნით. ადგილის გაბურღვის შემდეგ გეოლოგები წააწყდნენ სიცარიელეს და რეალურად, ნავთობის ნაცვლად გადააწყდნენ ტოქსიკურ აირს. იმისათვის, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ატმოსფეროში არ აღმოჩენილიყო, გეოლოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზი დაეწვათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე კვირაში გაზი გამოილეოდა. თუმცა შეცდნენ, 50 წელი გავიდა მას შემდეგ და “ჯოჯოხეთის კარიბჭე” კვლავ იწვის და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია ქვეყანაში.
2013 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველი ექსპედიცია მოეწყო და კანადელი მკვლევარი, ჯორჯ კურონისი კრატერის სიღრისკენ გაემართა. მკვლევართა თქმით, კრატერის დიამეტრი 69 მეტრია, სიმაღლე – 30 მეტრი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს თურქმენეთში გაზი და ნავთობი ძალიან ძვირად ფასობდა, კრატერის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და ჩანაწერი გასაიდუმლოებული იყო.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”