close
ისტორია

მრავალეთნიკური და ისტორიით სავსე სოფელი ლაილაში

დღეს სოფელი ლაილაში ტურისტების ყურადღებას ებრაელების მიერ აშენებული აუზით იქცევს. სოფელი ლეჩხუმში მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფელი თითქმის დაცლილია, აქ საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდა რამდენიმე ეთნოსის წარმომადგენელი, მათ შორის, ქართველები, ებრაელები, ბერძნები და სომხები.
წიგნში “ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან” ვკითხულობთ, რომ ებრაელების ნაწილი სვანეთში დაახლოებით 26 საუკუნის წინ დასახლდა, საიდანაც მე-6 საუკუნეში ლაილაშშიც გადასულან და დასახლებულან. სწორედ აქედან იწყება მშვიდობიანი თანაცხოვრება მკვიდრი მოსახლეობის და ებრაელების. სოფელში შემორჩენილია ებრაელთა სინაგოგა და სასაფლაო.
რაც შეეხება სომხებს, მათი დასახლება ლაილაშში კიდევ უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ებრაელებისა და ბერძნების. სწორედ ებრაელებისა და სომხების მონდომებით შექმნილა იმდროინდელი მთავარი სავაჭრო პუნქტი, ლაილაშის ბაზარი. ადგილობრივების თქმით, 1913 წელს, როდესაც აღნიშნული ბაზარი დაიწვა, შაბათი დღე ყოფილა და ებრაელ კაცებს მუშაობა არ შეეეძლოთ. ებრაელთა ქონების გადასარჩენად ქართველებს ძალ-ღონე არ დაუშურიათ.
შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მცხოვრებლებს ერთმანეთისგან მხოლოდ რელიგია განასხვავებდა, თუმცა რელიგიურ რიტუალებსა და დღესასწაულებს ყველა ესწრებოდა და ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის ამ რეგიონში მოგზაურობის დასასრული, სწორედ ლეჩხუმის სოფელი ლაილაში იყო 1912 წელს. არსებობს ინფორმაცია, რომ ლეჩხუმში პირველი სკოლა ლაილაშში გაიხსნა, რომელიც თავდაპირველად ორ კლასიანი იყო.
ლაილაში უდაოდ ბევრი რამით არის გამორჩეული და უნიკალური, ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის ებრაულენოვანი “ლაილაშის ბიბლია”, რომელიც სავარაუდოდ არის მე-9-10 საუკუნის უნიკალური ხელნაწერი, რომელიც შესრულებულია ეტრატზე. ხელნაწერში, სავარაუდოდ, სამი კალიგრაფიაა გამოყენებული და ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.
დროთა განმავლობაში მასობრივი გადასახლება დაიწყო, მოსახლეობის ნაწილი კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდა და ერთ დროს ხალხმრავალი და მრავალფეროვანი სოფელი დღეს დემოგრაფიულ პრობლემებს ებრძვის, თუმცა, ცხადია, დიდი მემკვიდრეობა დარჩა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0