Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები შესაძლოა ორგნაიზმს კორონავირუსისგან წლების განმავლობაში იცავდეს. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით New York Timesწერს.
გამოცემის ცნობით, ახალი მიგნებები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინფორმაციულ რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე, ბუსტერ დოზა არ დასჭირდეთ მანამ, სანამ ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ სხვა ვაქცინები, მათ შორის Johnson & Johnson. თუმცა აღნიშნავენ, რომ იმუნური რეაქცია, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში. მეცნიერების თქმით, იმუნური უჯრედები ვირუსს ინფიცირებიდან, სულ მცირე, 8 თვის განმავლობაში სცნობენ, სხვა კვლევის მიხედვით კი, ინფიცირებიდან ერთი წლის შემდეგაც.
აქამდე ცნობილი იყო, რომ იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული იყვნენ, შემდეგ კი ვაქცინაციაც ჩაიტარეს, შესაძლოა იმუნიტეტი წლობით ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვეთ. გამოცემა წერს, რომ უცნობი იყო, მხოლოდ ვაქცინაციას (ვირუსის გადატანის გარეშე) ასეთივე გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა თუ არა.
თუმცა დოქტორ ელბედის ჯგუფმა ამ კითხვაზე პასუხი გასცა მეხსიერების უჯრედების წყაროს შესწავლით. საუბარია ლიმფურ კვანძებზე, სადაც იმუნური უჯრედები იწვრთნებიან ვირუსების ამოცნობასა და მათთან ბრძოლაში.
ინფიცირების ან ვაქცინაციის შემდეგ ლიმფურ კვანძებში სპეციალიზებული სტრუქტურები ყალიბდება, სახელად გერმინატიული ცენტრი. NY Times განმარტავს, რომ ეს სტრუქტურები ერთგვარი “ელიტური სკოლაა” B ლიმფოციტებისთვის და ადგილია, სადაც ისინი იხვეწებიან და სწავლობენ ვირუსის სხვადასხვაგვარი გენეტიკური მიმდევრობის ამოცნობას. შედეგად, რაც უფრო დიდი დრო აქვთ უჯრედებს პრაქტიკისთვის, მეტია შანსი, ვირუსის ახალი შტამების განადგურება შეძლონ.
„ყველა ვირუსის ევოლუციაზეა ფოკუსირებული, თუმცა, როგორც ჩანს, ამას აკეთებენ B ლიმფოციტებიც და ისინი იცავენ ორგანიზმს ვირუსის შეცვლილი ფორმებისგან, რაც იმედის მომცემი ამბავია” ,- ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი მარიონ პეპერი.
კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, გერმინატიული ცენტრი ფილტვებში წარმოიქმნება. თუმცა ვაქცინაციის შემდეგ უჯრედების “გაწრთვნა” იღლიების ლიმფურ კვანძებში ხდება.
კვლევის ფარგლებში სწავლობდნენ 41 ადამიანს, რომელთა შორის რვამ კორონავირუსი გადაიტანა, შემდეგ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით აიცრა. საკვლევი ჯგუფის 14 წევრს ლიმფური კვანძებიდან ნიმუში აუღეს სამ, ოთხ, ხუთ, შვიდ და 15 კვირაში ვაქცინაციის პირველი დოზიდან. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 15 კვირის შემდეგ პირველი ინექციიდან, გერმინატიული ცენტრი კვლავ აქტიური იყო 14-ივე საკვლევ ობიექტში და რიცხვი იმ მეხსიერების უჯრედებისა, რომლებიც კორონავირუსს სცნობენ, არ შემცირებულა.
“ის ფაქტი, რომ რეაქციები გრძელდება ვაქინაციიდან თითქმის 4 თვის შემდეგაც, ძალიან კარგი ნიშანია, რადგან, როგორც წესი, გერმინატიული ცენტრი მოქმედების პიკს იმუნიზაციიდან ორ კვირაში აღწევს, შემდეგ კი სუსტდება. როგორც წესი, 4-6 კვირაში მისგან აღარაფერია დარჩენილი, მაგრამ თუ მის სტიმულირებას mRNA ვაქცინით მოვახდენთ, მნიშვნელოვანი შემცირება თვების შემდეგაც არ შეინიშნება”, – აცხადებენ იმუნოლოგები.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“