close
დედამიწა

აშშ-ში აქცია “ჩიტები ნამდვილები არ არიან” გაიმართა

მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში რამდენიმე ათეული ადამიანი აქციის გასამართავად შეიკრიბა. დემონსტრანტები ამტკიცებენ, რომ “ჩიტები ნამდვილები არ არიან”.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, პიტერ მაკინდო, აცხადებს, რომ აშშ-ში მთავრობამ ყველა ჩიტი მოკლა და ისინი გამოძიების ფედერალური ბიუროს დრონებით ჩაანაცვლა.

“რა მაფიქრებინებს ამას? მგონი, მტკიცებულება ჩვენ თვალწინაა ყველგან; ჩიტები ელექტროგადამცემ ხაზებზე სხდებიან — ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ასე იმუხტებიან. ასევე ვფიქრობთ, რომ მანქანებზე მათი სკინტლები, რეალურად, სათვალთვალო მოწყობილობებია”.

მოძრაობა თავდაპირველად ონლაინ დაიწყო და ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გავრცელებით მალე ამერიკის არაერთი ქალაქი მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით გასამართავმა ტურმა კი სწორედ სპრინგფილდში აიღო სტარტი.

თუმცა, რასაკვირველია, მოძრაობა მხოლოდ მარკეტინგული ხუმრობაა. ან, შეიძლება ითქვას, შეთქმულების თეორიების მოყვარულების ერთგვარი დაცინვა — მაგალითად, QAnon-ის, რომლის მხარდამჭერთა რაოდენობამ ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა.

მაკინდო თავს 2017 წელს დაფუძნებული მოძრაობის წარმომადგენლად მიიჩნევს და მედიასთან ამბობს, რომ “ჩვენ პოსტ-სიმართლის ეპოქაში ვცხოვრობთ, ‘ჩიტები ნამდვილები არ არიან’ კი ამ ეპოქის კომიკური პროექტია”.

დაარსებიდან დღემდე მოძრაობამ მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა მიიზიდა და განსაკუთრებით პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. “ჩიტები ნამდვილები არ არიან” გვერდს ტვიტერზე თითქმის 70 ათასი გამომწერი ჰყავს, რედიტზე კი მათი რაოდენობა 360 ათასს აჭარბებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0