ჩემი აზრით, ექიმებისთვის კოვიდ-აცრა უნდა იყოს სავალდებულო, – ამის შესახებ ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ზაალ კოკაია წერს.
მისი თქმით, ვისაც არ სურს ვაქცინაცია, მათ უნდა აეკრძალოს უშუალოდ პაციენტთან მუშაობა, ანდა გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, მანამ სანამ პანდემია არ დასრულდება.
“გამონაკლისი უნდა იყოს მხოლოდ ვაქცინის შემადგენლობის რომელიმე კომპონენტზე, ანდა წინა აცრაზე ანაფილაქსიური შოკის (და არა ზოგადად ალერგიულობა), ასევე ორსულობა და სხვა მეცნიერულად ან კლინიკურად დასაბუთებული და საერთაშორისოდ აღიარებული გამონაკლისები. ექიმის მიერ აცრაზე უარის თქმა არის საკუთარი პროფესიის, პაციენტის და მთლიანად საზოგადოების მიმართ უპასუხისმგებლობა და ანტივაქსერიზმის წახალისება. ეს არის პაციენტისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნა, რომელიც წინააღმდეგობაშია ყველა ეთიკურ და მორალურ სტანდარტებთან. მესმის, რომ არჩევანის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, მაგრამ უმთავრესი უფლება სიცოცხლის უფლებაა და ამ უფლებისთვის საფრთხის შექმნა არის უფრო მეტი ბოროტება, ვიდრე არჩევანის უფლების შეზღუდვა… სამყარო არის ომის მდგომარეობაში და ექიმები არიან ამ ომში მოწინავე ხაზზე მდგარი მეომრები… ამიტომაც, როგორც ომის დროს იზღუდება გარკვეული უფლებები, ამ დროსაც უნდა მოხდეს კომპრომისები. ქვეყნებმა დაიწყეს ამის გააზრება და იმედია, საქართველოშიც, სადაც ვაქცინაციის დონე კატასტროფულად დაბალია, მალე მივხვდებით, რომ ეს არის პანდემიის დამარცხების არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი ზომა”, – წერს ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”