2020 წლის 27 აგვისტოდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” პროგრამა აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის უფლება 95 ქვეყნის მოქალაქეებს მიეცა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვარკვევთ, 2020 წლის 27 აგვისტოდან დღემდე მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით პროგრამაზე 3058 ადამიანი დარეგისტრირდა.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რეალურად აღნიშნულმა პროექტმა რამდენიმე თვე იმუშავა, რადგან ამჟამად უცხოელებისთვის საქართველოს საზღვარი უკვე გახსნილია და ნებისმიერს შეუძლია, აპლიკაციის გარეშე, შემოვიდეს და დისტანციურად იმუშაოს საქართველოდან. ამისთვის მათ საზღვრის გადმოსაკვეთად უნდა წარმოადგინონ PCR ტესტი ან ორჯერადი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 90-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ ქვეყნებს შორისაა აშშ, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურდა 2276 ადამიანის აპლიკაცია, ხოლო უარი ეთქვა 481 აპლიკანტს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში ამ დრომდე შემოსულია 1112 პირი.
მათი განმარტებით, ქვეყანაში მიღებული 1112 ადამიანი უდრის 8896 ღამეს საკარანტინე სასტუმროში, რაც საშუალო ღირებულების (50$) გათვალისწინებით 2 000 000 ლარამდე მიღებული შემოსავლის ტოლფასია. ხოლო ქვეყანაში შემოსული 1112 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 14 მილიონზე მეტ აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”