საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მოიცავს და ძირითადად სახელფასო პოლიტიკას ეხება. საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა დააინიცირა და ბიურომ შემდგომ განსახილველად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს გადაუგზავნა.
საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ უნდა მოხდეს ხელფასების ინდექსაცია; ასევე მინიმალური, საათობრივი დაუბეგრავი ხელფასის დაკანონება; 8-საათიანი სამუშაო დრო; ღამის ცვლის დროს გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება; შესვენების დროის ანაზღაურება, რომელიც 8 საათის მუშაობის დროში უნდა შედიოდეს; შრომის კოდექსში მითითებულ უქმე დღეებში ხელფასის გაორმაგებით გაცემა; ნებისმიერ სამსახურში შრომითი ხელშეკრულების დადება, სტაჟირების, ან გამოსაცდელი ვადით აყვანილი თანამშრომლების უხელფასოდ მუშაობის აკრძალვა, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა; ხელფასების ზრდა 6-24 თვეში ერთხელ, ანაზღაურებადი შვებულება და დეკრეტი და ა.შ.
„შრომის კოდექსში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ჩასწორებები, სადაც ნათლად გაიწერება ყოველი სიტყვა, რომ დამსაქმებლებს და მათთან დასაქმებულ იურისტებს აღარ მიეცეთ შრომის ხელშეკრულებაში, თავის სასარგებლოდ სიტყვებით მანიპულირების საშუალება“, – წერს საკანონმდებლო წინადადების ავტორი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”