უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელები მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ფუნქციას ასრულებდა ძველ საზოგადოებაში, მათ შორის რიტუალურ დღესასწაულებზე. ახალი კვლევის თანახმად, 9000 წლის წინ ჩინეთში ლუდის დალევის ტრადიცია დასტურდება, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილთა რიტუალის ნაწილი იყო.
აღნიშნული დასკვნები უძველესი ქოთნების ანალიზს ემყარება, რომელიც ქიაოტუუს სამარხში აღმოაჩინეს. უძველესი ქოთნები ადამიანის ხელით შექმნილი თხრილის პლატფორმაზე იპოვეს. მეცნიერებმა, გარდა კერამიკული ჭურჭლისა, სამარხში ორი ადამიანის ჩონჩხსაც მიაკვლიეს. ზოგიერთი ჭურჭელი თეთრად იყო შეღებილი, ნაწილი კი – აბსტრაქტული დიზაინით მორთული. კვლევის თანახმად, ეს არტეფაქტები სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე ადრეული მოხატული ჭურჭელია.
მკვლევართა ჯგუფმა ქიაოტუში აღმოჩენილი სხვადასხვა სახის ჭურჭელს ჩაუტარა ანალიზები. იმის დასადასტურებლად, რომ ჭურჭელი ალკოჰოლის დასალევად იყო გამოყენებული, მეცნიერებმა მიკროფოსილების ნაშთები, სახამებელი, ფიტოლიტი და ქოთნებს შიგნით არსებული სოკოები შეისწავლეს. შედეგად, ჭურჭელში სწორედ ის ნაწილაკები აღმოჩნდა, რომლებიც ლუდის დუღილის ნარჩენებს შეესაბამება და ბუნებრივად არ გვხვდება ნიადაგში ან სხვა არტეფაქტებში.
“ქიატოუს ქოთნების ნაშთების ანალიზი ადასტურებს, რომ კერამიკული ჭურჭელი ლუდის შესანახად გამოიყენებოდა. რა თქმა უნდა, ეს უძველესი ლუდი ზუსტად ისეთი არ იქნებოდა, როგორიც დღეს გვაქვს, მაგრამ ძირითადი მახასიათებლები მაინც საერთოა” – ამბობს კვლევის თანაავტორი ჯიაჯინგ ვანგი.
ამასთან, ქოთნის ნამსხვრევებში ბრინჯის ქერქისა და სხვა მცენარეების ფიტოლიტები იქნა აღმოჩენილი. ისინი, შესაძლოა, ლუდს დაემატოს, როგორც დუღილისთვის საჭირო ერთ-ერთი საშუალება. თანაც 9000 წლის წინ ბრინჯის ათვისების კულტურა საწყის ეტაპზე იყო და საკმაოდ დიდ შრომასთან ასოცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ქიაოტუში ლუდი რიტუალურად მნიშვნელოვანი სასმელი იყო.
გარდა ამისა, ქოთნების ნაშთების ანალიზმა ობის კვალიც დაადასტურა, რომელიც ასევე ლუდის წარმოების პროცესში მონაწილეობდა. თანაც, ქოთნებში ნაპოვნი ფორმა ძალიან წააგავდა ყალიბს, რომელიც აღმოსავლეთ აზიაში საკესა და სხვა ფერმენტირებული ბრინჯის სასმელების დასამზადებლად გამოიყენებოდა.
“ჩვენ არ ვიცით, როგორ შექმნეს ადამიანებმა ეს ყალიბები 9000 წლის წინ, რადგან დუღილი შეიძლება, ბუნებრივად მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძველმა ხალხმა ბიოქიმია არ იცოდა, რომელიც მარცვლეულთანაა დაკავშირებული, ისინი აშკარად აკვირდებოდნენ დუღილის პროცესს და ცდების შედეგად საბოლოო სახემდე მივიდნენ” – აღნიშნავს ვანგი.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჭურჭელი სამარხების მახლობლადაა ნაპოვნი, ლუდის კულტურა გარდაცვლილთა რიტუალს უკავშირდებოდა. ასევე, მკვლევრების ვარაუდის თანახმად, სარიტუალო სმა სოციალურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას უკავშირდებოდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”