გაფანტული სკლეროზის (MS) გამომწევ მიზეზებს მეცნიერები დღემდე იკვლევენ. მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება გენები, თუმცა დაავადების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა, თინეიჯერობის წლებში ინფექციური მონონუკლეოზის, ე.წ. ჯირკვლოვანი ცხელების, გადატანა (ერთ-ერთი ინფექცია, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება გაფანტული სკლეროზის რისკთან) ნამდვილად წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკ-ფაქტორს.
კვლევის ფარგლებში განიხილეს ჯირკვლოვანი ცხელება სხვადასხვა ასაკში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრებმა 2.5 მილიონმა ადამიანმა, თავდაპირველად ერთმანეთს ადარებდნენ დედმამიშვილებს ცალკეული ოჯახებიდან, შემდეგ შედეგები გააერთიანეს. აღნიშნული 2.5 მილიონი პირიდან გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 20 წლის ზემოთ ასაკის 6 000-მდე ადამიანს დაუსვეს.
კვლევის ავტორების მტკიცებით, ჯირკვლოვანი ცხელება 11-დან 19 წლამდე ასაკში დაკავშირებულია გაფანტული სკლეროზის მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკთან 20 წლის ასაკის შემდეგ.
მათი განმარტებით, თინეიჯერობის წლებში ინფექციური მონონუკლეოზი გაფანტულ სკლეროზს იმის გამო შეიძლება იწვევდეს, რომ მას ტვინში შეღწევა შეუძლია. ნერვულ უჯრედებზე მის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ იმუნურმა სისტემამ მიელინის გარსზე „თავდასხმა“ დაიწყოს. იმუნური სისტემა ამგვარ ქმედებას ავტოიმუნური რეაქცია ეწოდება.
კვლევის ავტორების განცხადებით, მათი კვლევა იძლევა უფრო ძლიერ მტკიცებულებას, რომ თინეიჯერობის წლებში ჯირკვლოვანი ცხელების მწვავე შეტევამ (და სავარაუდოდ სხვა სერიოზულმა ინფექციებმა) – განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში – შეიძლება გაფანტული სკლეროზი გამოიწვიოს.
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”