close
ისტორიასაქართველო

ქართველი გურულები ამერიკაში მანჰეტენზე დახატეს

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. კედლის მხატვრობა “თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე, მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ, გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო.

ირაკლი მახარძე, ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას უკვე 20 წელია იკვლევს და ამ თემაზე უამრავი დოკუმენტური მასალა მოიძია. მკვლევარი ამბობს, რომ გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

“გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტაცებდა, განსაკუთრებით, როცა მოხუცები ყვებოდნენ ამის შესახებ: “ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ მარა, თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ,” მაგრამ სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა, დაახლოებით, 20 წელია რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა შევიძინე როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის არქივებსა და მუზეუმებში,” ამბობს ირაკლი მხარაძე.

გურულების დასავლური დიდება

ირაკლი მახარაძის მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პირველად გურულები ევროპაში, კერძოდ კი ინგლისში, 1892 წელს მოხვდნენ. ცნობილი ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის წყალობით, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებდა გამოცდილ ცხენოსნებს. რუსეთის იმპერიაში მისმა წარგზავნილებმა მხოლოდ გურული მხედრები შეარჩიეს. მკვვლევარის ცნობით, გურული მოჯირითეები აშშ-ში 1893 წელს ჩამოვიდნენ. გურულები “რუსი კაზაკების” სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილის წარმოდგენებში და ცირკებისა და შოუების არენებზე.

ისტორიულ წყაროებში, ე.წ. “რუსი კაზაკების,” იგივე ქართველი მხედრების შესახებ უამრავი დოკუმენტია შემონახული. მკვლევარი ამბობს, რომ ამერიკელებს ქართველი მხედრების სახელების გამოთქმა უჭირდათ, ამიტომ ისინი სანახაობებში, ძირითადად, გამოგონილი სახელებით მონაწილეობდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ ისტორიულ წყაროში ისინი “კაზაკებად” არიან მიჩნეულნი, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: ამერიკის რამდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების ნაცვლად, ქართველები დაეწერათ. თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში (მაგ. Louis S. Warren Buffalo Bill’s America William Cody and the Wild West Show, 2006, Tom F. Cunningham Your Fathers the Ghosts Buffalo Bill’s Wild West in Scotland, 2007, Steve Frisen Buffalo Bill Scout, Showman, Visionary, 2010) უკვე მითითებულია, რომ მხედრები კაზაკები კი არა, არამედ ქართველი მოჯირითეები იყვნენ, საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან,” ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ირაკლი მახარაძე.

მკვლევარი ამბობს, რომ “საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკებმა გურულებს დასავლეთისაკენ გზა გადაუკეტეს. ვინც საზღვრის იქითა მხარეს იმყოფებოდა, უკან აღარ ისურვა დაბრუნება და დროთა განმავლობაში ამერიკელებში აითქვიფა. კარგი დღე არ დაადგათ სამშობლოში დაბრუნებულ მოჯირითეებს. ბოლშევიკებმა ბევრი დააპატიმრეს, ზოგი გადაასახლეს – ამერიკის “შპიონი” ხარო. მხედრები თავისი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად თავისივე ხელით ანადგურებდნენ და სწვავდნენ ფსევდომამხილებელ მასალებს, ფოტოებს, წერილებს… ამის გამო, გურულების ფოტოები, უამრავი მასალა სამუდამოდ დაიკარგა.”

ედუარდო კობრას ნამუშევარი, დიდი პროექტის ერთი ნაწილია. პროექტი “ელის ალიენდიზე” განთავსებულ იმიგრაციის მუზეუმთან თანამშრომლობით განხორხციელდა. “ელის აილენდი” ეს არის კუნძული, რომლის გავლითაც აშშ-ში 12 მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩამოვიდა. ელისის კუნძულზე საიმიგრაციო სამსახური 1892 წელს გაიხსნა და 62 წლის განმავლობაში, დღეში საშუალოდ, 5 000 იმიგრანტს იღებდა. მათ შორის იყვნენ ქართველი იმიგრანტებიც.

ავტორი : ქართლოს შარაშენიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0