close
კატეგორიის გარეშე

აშშ-ში 16 წლის გოგომ გამტაცებლისგან თავი TikTok-ის ცნობილი ჟესტით დაიხსნა

აშშ-ში დაკარგული თინეიჯერი გოგო მას შემდეგ იპოვეს, როცა მან გამვლელი მძღოლის ყურადღების მისაპყრობად TikTok-ზე ცნობილი ჟესტი გამოიყენა, რომელიც გასაჭირში ყოფნასა და ოჯახში ძალადობაზე მიანიშნებს.

16 წლის გოგო ბოლოს 4 ნოემბერს, კენტუკის შტატის ქალაქ ლონდონის მახლობლად, ვერცხლისფერ ტოიოტაში დააფიქსირეს. მძღოლმა პოლიცია მაშინვე გამოიძახა, როცა შენიშნა, რომ გვერდით მანქანაში მყოფი მგზავრი ქალი იმ ჟესტს იყენებდა, რომელიც TikTok-დან გასაჭირის ან ოჯახში ძალადობის გამო დახმარების თხოვნის სიგნალითაა ცნობილი. მან პოლიციასთან ზარის დროს აღნიშნა, რომ გოგო აშკარად გასაჭირში იყო და მანქანას ასაკოვანი კაცი მართავდა.

შერიფმა და სხვა გამომძიებლებმა ტოიოტა გზატკეცილიდან გამოსვლისას გააჩერეს და მძღოლი დააკავეს. გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ მოზარდის დაკარგვის შესახებ მშობლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს.

გატაცებულმა გოგომ პოლიციას უთხრა, რომ ის კაცთან ერთად კაროლინაში, ტენესიში, კენტუკისა და ოჰაიოში გადაადგილდებოდა. მთელი ეს დრო კი გზაზე სხვა მძღოლების ყურადღების მიქცევას ცდილობდა, რათა მათ დასახმარებლად 911-ზე დაერეკათ. პოლიციამ 61 წლის ჯეიმს ჰერბერტ ბრიკი შემთხვევის ადგილზე დააკავა და ბრალი უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის წაუყენა.

ჟესტი, რომელიც მოზარდმა გამოიყენა, საზოგადოებას პირველად კანადის ქალთა ფონდმა გასულ წელს გააცნო. ეს ჟესტი ძალადობასა და გასაჭირზე მიუთითებს და ქალებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ასეთ მომენტში დახმარება გაცილებით უფრო ფრთხილად ითხოვონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0