close
საქართველო

ჩინეთიდან საქართველოსკენ პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი დაიძრა

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საელჩო იტყობინება.

მატარებლის გამომგზავრების ცერემონიალს 2021 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია, საელჩოს დესპანთან, დავით პიპინაშვილთან ერთად განსუს პროვინციის ქალაქ უვეიში დაესწრო.

სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩავა.

“მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციონერებას რეგიონში როგორც ლოგისტიკური, სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბი”, – განაცხადა საქართველოს ელჩმა.

საელჩოს ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ, პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, ქ. უვეის მერი და სხვა საპატიო სტუმრები.

“ელჩმა სიტყვით გამოსვლის დროს, ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას. თავის მხრივ, ვიცე გუბერნატორმა აღნიშნა, საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, “საპარტნიორო ფონდი”, რომელიც თანამშრომლობს ქ. უვეის ლოგისტიკურ ცენტრთან, აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0