close
მედიცინა

სამხრეთ აფრიკაში “ომიკრონის” უზარმაზარი ტალღა, ისევე სწრაფად სუსტდება, როგორც გაიზარდა – The Washington Post

“სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში “ომიკრონის” უზარმაზარი ტალღა, როგორც ჩანს, ისევე სწრაფად მცირდება, როგორი სწრაფადაც გაიზარდა.” – ამის შესახებ ქვეყნის ეპიდემიოლოგებზე დაყრდნობით, The Washington Post წერს.

სამხრეთ აფრიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, სალიმ აბდულ კარიმი გამოცემასთან საუბრის დროს აღნიშნავს, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევებმა ისევე სწრაფად იკლო, როგორც მოიმატა.

შემთხვევების მნიშვნელოვან შესუსტებაზე საუბრობენ ახალი შტამის გამოვლენიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ეს კი მეცნიერებს დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს.

აბდულ კარიმი ამბობს, რომ ქვეყანამ სწრაფად გადალახა ახალი შტამის პიკი და წინასწარი ვარაუდით თუ იმსჯელებენ, ის მოელის, რომ ყველა, ან თითქმის ყველა სხვა ქვეყანა იმავე ტრაექტორიას უნდა გაჰყვეს და მალე გადალახოს ეს ტალღა.

“თუ კორონავირუსის წინა ვარიანტები იწვევდნენ კილიმანჯაროს ფორმის ტალღებს, ომიკრონის ტალღები უფრო ჰგავს ევერესტის ჩრდილოეთ ნაწილს.” – განაცხადა მან.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, სამხრეთ აფრიკაში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდებოდა. მიმდინარე კვირიდან კი, მონაცემების მიხედვით, კოვიდშემთხვევების რიცხვი იკლებს.

ვირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, სამხრეთ აფრიკამ გადაწყვიტა, არ ჩაეკეტა რეგიონი და არ დაეწესებინა სხვა შეზღუდვები, თუმცა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, დააწესა შეზღუდვები სამხრეთ აფრიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან საჰაერო მიმოსვლაზე.

სამხრეთ აფრიკაში, ამ დრომდე უცნობი შტამის აღმოჩენის შესახებ 25 ნოემბერს განაცხადეს.

ის, რამაც მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია, ახალი ვარიანტის მუტაციების საკმაოდ დიდი რიცხვია, რაც ეპიდემიოლოგების განმარტებით, კიდევ უფრო ზრდის მისი გავრცელებისა და სწრაფად გადადების უნარს.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნებული წინასწარი კვლევების მიხედვით კი “ომიკრონის” ტალღა უფრო რბილია.

“პირველადი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ “ომიკრონით” ინფიცირებული უფრო ნაკლები ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას, ვიდრე სხვა შტამებით ინფიცირებულები. პირველადი შეფასებით, ჰოსპიტალიზაციის რისკი 30%-დან 70%-მდე მცირდება. ამის მიუხედავად, შეშფოთების საფუძველი კვლავ არსებობს, რადგან, იმ შემთხვევაში, თუნდაც “ომიკრონი” რბილი იყოს, შემთხვევების დიდმა რაოდენობამ, შეიძლება საავადმყოფოების გადავსება და კრიზისი გამოიწვიოს.” – წერს BBC.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0