close
საქართველო

თაშო პარკაია – „თქვენ გასაგონად, ვისაც არ ახსოვს – ქართველები სწორედ მაგ მტერს აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე სრულიად მარტო ვუწევდით წინააღმდეგობას!..“

თაშო პარკაია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს იმის შესახებ, როგორ იბრძოდნენ აფხაზეთში და როგორ უწევდნენ წინააღმდეგობას მტერს წელიწადისა და სამი თვის განმავლობაში:

„აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე ვუწევდით წინააღმდეგობას მტერს ფაქტობრივად მარტოები, შიშველი ხელებით 1992-1993 წლებში.

ეს დღეები ვაკვირდები იმ ისტერიულ ფონს, რომელმაც მთელი სოცსივრცე და ტელე და მედიასაშუალებები მოიცვა, ვუსმენ დებატებს და ვკითხულობ პოსტებსა და კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მამაცი ხალხია უკრაინელები და როგორ მედგრად უწევენ წინააღმდეგობას ოკუპანტს – კი, ნამდვილად ასეა, ნამდვილად თვასაჩინოა და აღსანიშნავია მათი სიმამაცე და ერთსულოვნება…

მაგრამ ამის პარალელურად გამუდმებით ისმის, რომ აი, ქართველებს რა გვჭირს, რომ აი, ქართველები ასე ვერ იზამენ და ა.შ.

განსაკუთრებით აქტიურობენ 18-20 წლის ახალგაზრდები, ჰოდა, თქვენს გასაგონად, ვისაც არ ახსოვს – ქართველები სწორედ მაგ მტერს აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე სრულიად მარტო ვუწევდით წინააღმდეგობას (რამდენიმე ეპიზოდის გამოკლებით – სხვათა შორის, უკრაინელები დაგვეხმარნენ, როგორც ვიცი, გემებით მოსახლეობის გაყვანაში).

ვაჟკაცობის უამრავი მაგალითი აჩვენეს იმ ომში ჩვენმა გმირმა ბიჭებმა და მეამაყება მათი…

იქაც იხოცებოდნენ ბავშვები, მოხუცები, იქაც გასწორდა მიწასთან ქალაქები და სოფლები, იქაც გაიყინენ ჭუბერის გზაზე ჩვილები და მოხუცები, იქაც მოჰყავდა ჩანთით დედას გარდაცვლილი მცირეწლოვანი შვილი, რომ საფლავი მაინც ახლოს ჰქონოდა….~

იქაც იყო ბევრი ცრემლი და ტკივილი, რომელიც არ განელებულა…

იქაც იქცა ქალაქები სულების ქალაქებად…

იქაც უყვარდათ… სახლი, ეზო, წინაპართა საფლავი, მეზობელი, სალოცავი…

უბრალოდ, მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც ვიდეოგადაღების საშუალება, რომ ის კოშმარი და დედების გლოვა მთელ სამყაროს ენახა…

არც ამდენი შეშფოთება იყო და სოლიდარობა…

უბრალოდ, ზუსტად ისე სტკიოდათ და განიცდიდნენ როგორც დღეს უკრაინაში…

ჩვენი გმირების ისტორიები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა და კარგი იქნება, თუ თაობებს უფრო მეტი ეცოდინებათ თავის უახლეს ისტორიასა და გმირებზე…

მე მიყვარს ჩემი ნატანჯი  ქვეყანა, მიყვარს და მახსოვს ჩვენი გმირები… არა ომს… არა ოკუპაციას!..

დიდება თავისუფლებას!“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0