უკრაინის რკინიგზის სამსახურის, Ukrzaliznytsia-ს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა Nastoyaschee Vremya-ს ეთერში განაცხადა, რომ ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლების დამსახურებით უკრაინასა და ბელარუსს შორის სარკინიგზო კავშირი ამ დროისთვის მთლიანად გაწყვეტილია.
კამიშინის თქმით, ამით ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლები რუსულ ჯარებს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის რკინიგზით შეტანაში ხელს უშლიან.
კამიშინი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ბელარუსის რკინიგზაში „კვლავ არიან პატიოსანი ადამიანები“, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.
„მე ცოტა ხნის წინ მივმართე ბელარუსის რკინიგზას, რომ არ შეესრულებინათ კრიმინალური განკარგულებები და რუსული სამხედრო კოლონები უკრაინაში არ შემოეშვათ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბელარუსსა და უკრაინას შორის კავშირი აღარაა.
დეტალებს არ დავაზუსტებ, თუმცა მადლობას ვუხდი ბელარუსის რკინიგზას იმისთვის, რასაც აკეთებენ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციის პატიოსანი ადამიანები უკრაინაში სამხედრო კოლონების შემოშვებას შეაჩერებენ“ – განაცხადა უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა.
კამიშინი ადასტურებს, რომ ამჟამად სარკინიგზო გზები მწყობრიდანაა გამოსული და რუსული აღჭურვილობა ბელარუსიდან არ შემოვა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”