,,ქართული ლეგიონი” არის 2014 წელს უკრაინაში დაარსებული ქვედანაყოფი, რომელიც ჩამოყალიბდა ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოხალისეებისგან. ლეგიონი 2014 წლიდან იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინის თავდაცვის ძალებთან ერთად. ლეგიონის მეთაურია ქართველი სამხედრო, ოფიცერი მამუკა მამულაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ მამულაშვილი არის აფხაზეთის ომის, ჩეჩნეთის პირველი ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი. იგი 14 წლის ასაკში მამასთან ერთად იბრძოდა საქართველოსთვის აფხაზეთის ომში, რა დროსაც ტყვედ ჩავარდა და გაათავისუფლეს სამი თვის შემდეგ. 2014 წელს მამულაშვილი ლეგიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მეთაური ,,ქართული ლეგიონის” ჩამოყალიბების შესახებ ამბობს – ,,ლეგიონის შექმნის იდეა იყო შეკრებილიყო სხვადასხვა ეროვნების ხალხი, რათა ერთად ემსახურათ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენ ეს გავაკეთეთ“.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ,,ქართული ლეგიონი” დაკავებული იყო ახალწვეული უკრაინელების წვრთნით. ხოლო ომის დაწყების პირველივე დღიდან ლეგიონი ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდნენ კიევის ბრძოლებში.
ამჟამად ,,ქართული ლეგიონი” აერთიანებს კვალიფიციურ სამხედროებს მსოფლიოს 18 ქვეყნიდან, მათ შორის: საქართველოდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ასე შემდეგ.
ლეგიონის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ – ,,ჩვენ ვართ ქართული ლეგიონი, პატრიოტები, რომლებიც მოვედით ჩვენი მოძმე ერის, უკრაინელების დასახმარებლად და დასაცავად თავისუფლებისთვის ბრძოლაში!”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”