ამერიკის შეერთებული შტატების გაზეთ “Politico-ში“ უკრაინის არმიის მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნს და მის ბრძოლებს რუსეთის არმიის წინააღმდეგ სტატია მიეძღვნა, სახელად – ” უკრაინელი “რკინის“ გენერალი – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის”. პუბლიკაციის მოცულობის გამო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მოკლე ვერსია შემოგვეთავაზებინა.
მთელი მსოფლიო ელოდა, რომ რუსეთის არმია უკრაინის ქვედანაყოფებს რამდენიმე დღეში გაანადგურებდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი სხვაგვარად ფიქრობდა. თუკი შეიძლება ერთ ადამიანს მიეწეროს “კიევის დაცვა და ქვეყნის უდიდესი ქალაქების შეუპოვარი წინააღმდეგობა მტრის შეტევებზე – ეს ვალერი ზალუჟნია”.
ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად ჯგუფმა ჩამოაყალიბა დასავლური სტანდარტების საფუძველზე ომის წარმოების მოქნილი მოდელი. უკრაინის პრეზიდენტმა ზალუჟნი თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დანიშნა და იმ დღიდანვე ვარაუდობდა, რომ სრულმასშტაბიანი აგრესიის საფრთხე არსებობდა. სულ მალე აშშ-ს ადმინისტრაციამ გაფრთხილება გასცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ და სცენარი რეალობად 24 თებერვალს იქცა.
ვალერი ზალუჟნი ბავშვობიდან იყო დაკავშირებული სამხედრო ცხოვრებასთან. მამამისი საბჭოთა ოფიცერი გახლდათ. სწავლობდა ოდესის სამხედრო აკადემიის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტში და კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. იყო მექანიზებული ბრიგადის უფროსიც იყო. 2014 წელს, როდესაც იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო და დონბასში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ზალუჟნი მეთაურობდა დებალცევოშის ბრიგადას. სწორედ აქ მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი და შემდგომში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იძულებული გახდა ხელი მოეწერა უკრაინისთვის წამგებიან „მინსკის შეთანხმება-2-ზე”.
2019 წელს ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფების ოპერატიულ ხელმძღვანელად დანიშნეს. აშშ-ის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ყოფილი ოფიცერი, პოლკოვნიკი ლიამ კოლინზი ამბობს, რომ უკრაინელი „კომანდოსები“ არაფრით არ ჩამოუვარდებიან თავიანთ დასავლელ კოლეგებს. ვალერი ზალუჟნი თანამედროვე უკრაინის არმიაზე აცხადებს, რომ იგი პროფესიონალი და კვალიფიციური სამხედროებისგან შედგება და დღეს უკრაინული საზოგადოება მათ ნებას არ მისცემს 2013 წელს დაბრუნდნენ.
ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებული ათასობით „ჯაველინმა“, „სტინგერმა“ და სხვა დამხმარე რესურსმა ცხადია ბრძოლის ველზე შეუფასებელი დახმარება გაუწია უკრაინელებს, მაგრამ უკრაინის არმიაზე ყველაზე დიდი ცვლილება ნატოს წვრთნებში რეგულარული მონაწილეობა იყო. საბჭოური მენტალიტეტის აზროვნების აღმოფხვრისა და გაჯანსაღების შედეგია მათი უპილოტო საფრენი აპარატების წარმატებით გამოყენება.
ვალერი ზალუჟნის პოსტზე დანიშვნა უკრაინის არმიის მასშტაბური გარდაქმნის ნაწილს წარმოადგენდა. სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები – “უკრაინის შეიარაღებული ძალები – ევროპის ფარი“. მრავალი წლის განმავლობაში ზალუჟნის სურვილი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულყოფილი დაფინანსება და საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. თუმცა, ომის პერიოდში მისი თხოვნა არმიასთან გვერდით დგომა და ჯარისკაცებისთვის საქმის კეთების საშუალების მიცემა იყო, რომ საზოგადოებაში ომის მსვლელობის დროს რაიმე ეჭვი არ გაჩენილიყო. „მე მინდა მივმართო იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ზოგიერთი ქალაქების „ღალატზე“ ლაპარაკობენ და ოპერატიული სიტუაციის „შეფასებებს“ აკეთებენ. „თქვენი ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, როგორებიცაა, მაგალითად, „მოწინააღმდეგემ ესა და ეს ქალაქი რატომღაც ბრძოლის გარეშე დაიკავა“ ან „ვიღაც-ვიღაცები ქვეყნის ჩასაბარებლად ემზადებიან“, ჩვენს ჯარისკაცებს შეურაცხყოფას აყენებთ“, – წერს გენერალი.
უკრაინა და უკრაინის არმია სიძლიერით მსოფლიოში მეორე არმიის შეტევას უმკლავდება ამ დრომდე. ამ საქმეში კი ვალერი ზალუჟნის წვლილი შეუფასებელია. სტატიაში მას უწინასწარმეტყველებენ სამხედრო მეცნიერებაში ისტორიული ფიგურის ადგილის დაკავებას და „რკინის უძლეველ ზალუჟნს” უწოდებენ.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“