close
ისტორიასაქართველო

“მე ქართველი ვარ და ვგრძნობ რომ სახლში ვარ” – ამბავი მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულ ქართველზე

1942 წელს სოფელი ილემიდან, თაბუკაშვილების ოჯახიდან ერთ-ერთი ვაჟი, 19 წლის სევერიანი მეორე მსოფლიო ომში წასულა. ომის დასრულების შემდეგ სოფელში ცნობა მოვიდა, რომ სევერიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ომის მეგობარს, რომელიც ომს გადარჩენილა, ოჯახისთვის უცნობებია, რომ სევერიანი მისი ხელით მიაბარა მიწას.
თუმცა, ისტორია აქ არ დასრულებულა. არავინ იცოდა, რომ ამ ისტორიის მიღმა თავის გადარჩენისთვის ხანგრძლივი ბრძოლა იყო და იმედი იმისა, რომ ერთ დღეს სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდა.
სევერიან თაბუკაშვილი პარაშუტისტი იყო. სამხედრო ოპერაციაზე იგი უკრაინაში გაგზავნეს. წითელი არმია ცდილობდა მდინარე დნეპრზე გადასვლას. გერმანელებმა მალევე შენიშნეს, რომ პარაშუტით დესანტი ეშვებოდა. მიწას ცოტამ მიაღწია, თუმცა, ტყვედ ჩავარდნენ, რასაც საკონცენტრაციო ბანაკი მოჰყვა. ოცამდე ოპერაცია, მძიმედ დაჭრა და დუმილი წარმომავლობის შესახებ. სიცოცხლე ამან შეუნარჩუნა და როდესაც ომი დამთავრდა, ბანაკი როგორც თავისუფალმა კაცმა ისე დატოვა. დასახლდა ვისბადენში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე და რომელთან ერთადაც 70 წელი გაატარა. მათ სამი შვილი შეეძინათ, რომელთაც წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მამა იქამდე არაფერს ლაპარაკობდა, მიხომ მხოლოდ 30 წლის ასაკში გაიგო, რომ ქართული ფესვები ჰქონდა. მამა ჰყვებოდა როგორი იყო ცხოვრება საქართველოში, აღწერდა სოფელ ილემს, როგორ იწურებოდა ღვინო ყველა ოჯახში, ამ ისტორიის მოყოლას წლები დასჭირდა.
როდესაც გაიგეს, რომ ქართული ფესვები ჰქონდათ, 1986 წელი იყო, ისევ საბჭოთა კავშირი. გრძელი გზა გაიარეს, სოფელი ილემი იპოვეს და თანასოფლელებს ამცნეს, რომ სევერიანი ცოცხალი იყო. მოძებნეს წინაპრები, თაბუკაშვილები და საბოლოოდ სევერიანის ძმას მიაკვლიეს. მიხომ უთხრა ფრონტიდან მამას მიერ გამოგზავნილი ფოტოს შესახებ, რომელზეც ეწერა -” დავბრუნდები სამშობლოში მაშინ, როდესაც სტალინი წავა”. მიუხედავად იმისა, რომ სევერიანმა ვეღარ შეძლო სამშობლოში ჩამოსვლა, უფროსმა დამ მოინახულა იგი გერმანიაში. მას ესმოდა დის ქართულად საუბარი, თუმცა, ვერაფერს პასუხობდა, მხოლოდ ტიროდა. 40 წელი არ ჰქონდა ქართული სიტყვა ნათქვამი. შეხვედრიდან 2 კვირა სევერიანს არ ეძინა, თითქოს მეხსიერებაში ღრმად დალექილ ენას იხსენებდა. 2 კვირის შემდეგ კი გამართული ქართულით ალაპარაკდა, მას შემდეგ აღარც გაჩერებულა.
სამწუხაროდ, სევერიანმა სამშობლოში დაბრუნების ოცნება ვერ აიხდინა, თუმცა, მიხომ გადაწყვიტა, რომ საქართველო მისი სახლია და დაბრუნდა კიდეც. “მე ქართველი ვარ და ვგრძნობ რომ სახლში ვარ”, – ამბობს მიხო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0