close
ეს საინტერესოა

მსოფლიოს უმანქანო ქალაქები და კუნძულები

ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ავტომობილების კოლოსალურად დიდი რაოდენობა ბევრ პრობლემას იწვევს. გარდა იმისა, რომ მოძრაობას ართულებს და საცობებს ქმნის, ასევე გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა. პარიზი, ამსტერდამი, ბარსელონა და სხვა დიდი ქალაქები ცდილობენ შეამცირონ ავტოტრანსპორტით გადაადგილება და წაახალისონ ველოსიპედით მოძრაობა.
თბილისში ავტომობილების სიჭარბე ნამდვილად შესამჩნევია, თუმცა, ყველა ქალაქში ასე არ არის. მეტის თქმაც შეგვიძლია, მსოფლიოში უკვე არსებობს ქალაქები და კუნძულები, სადაც მანქანას ვერ შევხვდებით. ავტომობილების აკრძალვის მიზეზი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და ტურიზმის ხელშეწყობაა, ხოლო სხვა ადგილებში ადგილობრივი გეგმარების გამო.
ბელგიის ქალაქ გენტის ცენტრმა 1996 წელს გააუქმა მანქანები საცობებისა და ჰაერის დაბინძურების გამო. ქალაქი მოიცავდა 86 ჰექტარს, მანქანებისგან თავისუფალ ზონას, სადაც მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა ველოსიპედისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
ავტომობილებისგან თავისუფალი მეორე საინტერესო ქალაქი გახლავთ ზერმატი. შვეიცარიის ეს ალპური ქალაქი მანქანებისთვის დაკეტილია, მხოლოდ კერძო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ მივიდნენ 5 კილომეტრის მოშორებით, შემდეგ კი მატარებლით განაგრძონ გზა. გადაადგილება მარტივია ფეხით, ეტლით, ელექტროავტობუსით ან ელექტრონული ტაქსით.
მესამე გახლავთ საბერძნეთის კუნძული ჰიდრა, სადაც ძრავიან მანქანას საერთოდ ვერ შეხვდებით. კუნძულზე ყოფნისას საუკეთესოა ფეხით, ვირით ან წყლის ტაქსით გადაადგილება. ნიდერლანდების ქალაქ გითჰორნს ხშირად ჰოლანდიურ ვენეციას უწოდებენ. ქალაქი სავსეა ველოსიპედის ბილიკებითა და ნავებით სავსე წყლის გზებით. ქალაქი ცნობილია მეთვრამეტე საუკუნის ფერმერული სახლებითა და ულამაზესი 170 პატარა ხის ხიდით.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0