close
არქეოლოგია

მეცნიერებმა პირველად შეძლეს პომპეიში დაღუპული ადამიანის გენომის გაშიფვრა

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შეძლეს და წარმატებით გაშიფრეს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქ პომპეიში დაღუპული ადამიანის გენომი. ჩონჩხი ეკუთვნის 1.64 მეტრი სიმაღლისა და 35-დან 40 წლამდე მამაკაცს. გენეტიკური ნიმუში თავის ქალიდან აიღეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დნმ თანამედროვე ცენტრალური იტალიის მკვიდრთა და რომის იმპერიის პერიოდში იმ რეგიონში მცხოვრებ პირთა დნმ-ის ნიმუშის მსგავსია. თუმცა, საინტერესოა ის, რომ მისი Y ქრომოსომა და მიტოქონდრიული დნმ იმ დროისა და ადგილისათვის უჩვეულოა. მეცნიერთა აზრით, ეს რკინის ხანის გენეტიკური მრავალფეროვნების მაგალითია, რომელიც აპენინის ნახევარკუნძულზე რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ გაქრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა ადამიანის დნმ-ის გარდა Mycobacterium-ის ტიპის ბაქტერიის დნმ-იც აღმოაჩინეს, რომელშიც ტუბერკულოზის გამომწვევი სახეობა შედის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი სიცოცხლეში ტუბერკულოზით, ძლიერი ტკივილებით, ხველით, სისუსტითა და გაძნელებული მოძრაობით იტანჯებოდა. უნდა ითქვას, რომ ამგვარი გენომის გაშიფვრა ნამდვილად მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან დროის გასვლასთან ერთად იგი ნადგურდება, რასაც ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული დაზიანებაც ემატება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0