close
ისტორია

ნუცა ღოღობერიძე – პირველი ქართველი ქალი რეჟისორი

ნუცა ღოღობერიძე გახლდათ პირველი ქართველი ქალი რეჟისორი, ხოლო საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი ქალი რეჟისორი, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო. იგი 1902 წელს საინგილოს სოფელ კახში დაიბადა. თბილისის გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის განხრით განაგრძო. 1923-25 წლები კი გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში იგივე ფაკულტეტზე სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მალევე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, ლევან ღოღობერიძე, რომელიც ბოლშევიკური იდეებით იყო შთაგონებული. ეს კი ნუცასა და მის მეუღლეს შორის იდეოლოგიურ დაპირისპირებას იწვევდა, რამაც საბოლოოდ ურთიერთობა კრახით დაასრულა.
პირველმა ქართველმა ქალმა რეჟისორმა მოასწრო და დაპატიმრებამდე 3 ფილმის გადაიღო: “მათი სამეფო”, “ბუბა” და ბოლოს “უჟმური”, რომელიც 1932-33 წლებში გადაიღეს და რომლის სცენარიც “ცეკამ” თავის სასარგებლოდ შეცვალა. ნელ-ნელა რეჟიმმა დაიწყო ნუცას შევიწროება, რისი მიზეზით მისი მეუღლე, საბჭოთა პარტიის ცნობილი მუშაკი გახლდათ. ლევან ღოღობერიძე ბერიას მოწინააღმდეგე ბანაკში იყო და 1937 წელს დახვრეტა მიუსაჯეს. ნუცა კინოდან გააძევეს. მეუღლემ სიკვდილამდე 1 წლით ადრე ნუცას მიწერა, რომ დაპატიმრებისაგან თავის არიდების მიზნით, დაეწერა მათი განშორების შესახებ. თუმცა, ნუცამ ეს უღირს საქციელად მიიჩნია და 1937 წლის მიწურულს იგი 10 წლით დააპატიმრეს. ნუცა მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც “ხალხის მტრებად” წოდებულთა ცოლები იყვნენ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნუცას კინორეჟისორობა აღარ გაუგრძელებია, წერდა ბანაკში გატარებულ წლებზე და ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობდა. ნუცა ღოღობერიძე 1966 წელს გარდაიცვალა. 2011 წელს გამოიცა ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებული – “ბედნიერების მატარებელი”, რომელიც მისი ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის წინათქმით იწყება. ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილი ქართველი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0