close
ემიგრანტი

“ქვეყნის საზღვრებს გარეთ არის მნიშვნელოვანი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი; მჯერა, ამ რესურსის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მომართვა შესაძლებელი და ძალიან საჭიროა” – მარიამ სახელაშვილი

როდესაც საქმე პროფესიის შერჩევასა და მის სამომავლო განვითარებას ეხება, ადამიანებს გვიწევს ფიქრი და მსჯელობა, თუ რა იქნება უკეთესი ჩვენთვის – რა მიმართულება მოგვცემს შესაძლებლობას, ვაკეთოთნ საყვარელი საქმე და ვიყოთ წარმატებული. მარიამ სახელაშვილი უკვე 15 წელია, შვეიცარიაში ცხოვრობს. სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება მისთვის პროფესიული წინსვლა, მიღწეული წარმატებები და გეგმები, რომლებიც მას საჯარო მმართველობის სფეროსთან დაკავშირებით აქვს. უფრო დეტალურად, “დოქტრინას” მარიამი თავად ესაუბრა.

ამჟამად, ჟენევის კანტონის აღმასრულებელ ორგანოში ვმუშაობ, ანუ ადგილობრივ მთავრობაში, ვარ უსაფრთხოებისა და მიგრაციის სამინისტროს გენერალური მდივნის თანაშემწე.

პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობამ, მათ მიერ ჩემთვის გამოცხადებულმა ნდობამ და მხარდაჭერამ შესაძლებლობა მომცა, ვიმუშავო სტრატეგიულ სახელმწიფო საკითხებზე და მივიღო მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის, აქტუალური კრიზისების მართვის სფეროში. ჩემთვის ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი კუთხით, განსაკუთრებით – ჩემი პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე.

რატომ გადაწყვიტეთ საჯარო მმართველობის სფეროში მოღვაწეობა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ამ სფეროსადმი ჩემი ინტერესის გაღვივებაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში გავიზარდე, შემდეგ კი შვეიცარიისნაირ სტაბილურ და განვითარებულ ქვეყანაში გავაგრძელე ცხოვრება. ამან საშუალება მომცა, დამენახა კონტრასტები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, განსაკუთრებით – ისტორიის ამ პერიოდში. შესაბამისად, დავინტერესდი სახელმწიფო მართვის საკითხებით და მსურდა ამ პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება.
ჟენევის უნივერსიტეტში დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და შემდეგ – საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, შესაძლებლობა მქონდა, მოკლე პროგრამებით მესწავლა აშშ-ში, ბოსტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, რამაც ასევე საგრძნობლად გაამდიდრა ჩემი ხედვა.
რთულია საუბარი სამომავლო გეგმებზე; სად გავაგრძელებ საქმიანობას რეგიონალურ თუ ფედერალურ ინსტანციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისკენ ავიღო ორიენტაცია. რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ძალიან მინდა – არა მხოლოდ შვეიცარიის (რომელსაც ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ), არამედ საქართველოს განვითარების თემებზე ვიმუშაო, და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვი ამისთვის სწორ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, დღეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ არის მნიშვნელოვანი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების სახით და მჯერა, რომ ამ რესურსის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მომართვა შესაძლებელი და ძალიან საჭიროა.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განგეხორციელებინათ თქვენი მიზნები?

შვეიცარიაში ოჯახთან ერთად ჩამოვედი სკოლის ასაკში, მამა მეცნიერია და აქ მოღვაწეობს ფიზიკის დარგში. თითქმის 15 წელია – შვეიცარიაში ვცხოვრობ, სკოლა დავამთავრე შვეიცარიის გერმანულ მხარეში, ხოლო უმაღლესი განათლების მისაღებად ავირჩიე შვეიცარიის ფრანგული მხარე – ჟენევა, რადგან ის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრია, ასევე, მსურდა ფრანგული ენის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

სასურველია სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილების მიღება, ეს ძალიან ხსნის ხედვის ჰორიზონტს და შესაძლებლობას გაძლევს, ერთი და იგივე საკითხი თუ გამოწვევა ბევრი სხვადასხვა კუთხიდან დაინახო. მგონია, რომ ამაზე უარი არავინ უნდა თქვას. მნიშვნელოვანია ენების ცოდნა, მიზანდასახულობა და კეთილსინდისიერება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0