close
ემიგრანტი

სოფიო გორდელაძე – ოპერის მომღერალი, რომელიც ევროპაში, აზიასა და ამერიკაში მოღვაწეობს  

საკუთარ კარიერაზე, მომავალზე ფიქრი „გვაიძულებს“, ჩვენს თავს არაერთი ვერსია შევთავაზოთ. მათ შორის კი, არჩევანს ვაკეთებთ იმის მიხედვით, თუ რომელ მოცემულობაში უფრო კომფორტულად წარმოგვიდგენია თავი. შესაძლოა, ერთერთი ვერსია იყოს, რომ საკუთარი უნარების რეალიზება სამშობლოს ფარგლებს გარეთ ვცადოთ. სოფიო გორდელაძემ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ის ოპერის მომღერალია, საკუთარი კარიერული ოცნებები კი იტალიაში აიხდინა. ამის შესახებ სოფიო „დოქტრინას“ უყვება.

მე ოპერის მომღერალი გახლავართ, სოპრანო. უკვე დიდი ხანია, ევროპაში ვმოღვაწეობ. თავდაპირველად, სასწავლებლად იტალიაში წავედი, მილანსა და მოდენაში. შემდეგ პირველი მოწვევები მივიღე და ასე დაიწყო ჩემი, როგორც საერთაშორისო მომღერლის მოღვაწეობა ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ბოლო წლების პანდემიამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები შექმნა ჩვენს სფეროში, თუმცა, უკვე შარშანდელი სეზონიდან ნელ-ნელა აღდგა საოპერო სფერო და მეც გავაგრძელე სიმღერა. ამჟამად ფრილანსი, ანუ დამოუკიდებელი არტისტი ვარ და ბოლო წლებში ძირითადად გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ირლანდიაში ვმოღვაწეობ. გარდა ამისა, ამჟამად, ვარ ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, რაც ასევე ძალიან მახარებს.


როგორც სოფიო ამბობს, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლისას, მისი ოცნება იყო, სწავლა იტალიაში გაეგრძელებინა. ეს ოცნება მან მალევე აიხდინა.

როგორც ყველა დამწყები საოპერო მომღერალი, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლისას ვოცნებობდი საოპერო ხელვნების მექაში – იტალიაში მოხვედრასა და სწავლის გაგრძელებაზე. ჩემი ოცნება მალევე იქცა რეალობად და მე მართლაც წავედი იტალიაში სასწავლებლად, თანაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი, ლეგენდარული საოპერო მომღერლის, მირელა ფრენის აკადემიაში. იტალია და ზოგადად ევროპა გაცილებით ბევრ შანსს იძლევა შენი შესაძლებლობების გამოსავლენად, არის უამრავი საოპერო თეატრი და საოპერო ფესტივალი. გერმანიაში ყველაზე პატარა ქალაქშიც კი არის საოპერო თეატრი. შესაბამისად, ბევრ მუსიკოსს, მომღერალს სურს – საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსინჯოს საკუთარი ძალები და მოიკიდოს ფეხი, რაც კოლოსალურ შრომასთან არის დაკავშირებული და, სამწუხაროდ, ყველას არ გამოსდის. აქ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, გარდა ნიჭისა და ლამაზი ხმისა. თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემთვის ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველოში სიმღერა, პერიოდულად დაბრუნება და ჩვენს მშობლიურ სცენებზე გამოსვლა.

ჩვენთან საუბრის დასასრულ, სოფიო რჩევებს აძლევს მათ, ვისაც აქვთ მიზანი, საკუთარი პროფესიული მიზნები სხვა ქვეყანაში განახორციელონ.

ვისაც სურვილი აქვს, უცხო ქვეყანაში სცადოს საკუთარი თავის რეალიზება, ასეც უნდა მოიქცეს, აუცილებლად უნდა სცადოს.  ვურჩევდი, რომ მოემზადონ დიდი შრომისთვის, აღიჭურვონ მოთმინებით და რწმენით. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0