საკუთარი თავისა და ადგილის ძიებაში, ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს და გეგმავენ მათი განხორციელების გზებს. ეს უფრო მეტად რთულია, როდესაც საქმე ისეთ მასშტაბურ მიზანს ეხება, როგორიცაა საკუთარი სამშობლოს დატოვება და უცხო მიწაზე თავის დამკვიდრება. ასეთ დროს არაერთი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.
ინგა ქაშაკაშვილი პიანისტი, პედაგოგია. ის აშშ-ში, ნიუ იორკში მოღვაწეობს. როგორც თავად აღნიშნავს, საქართველო მაშინ დატოვა, როდესაც ქვეყანა მძიმე პირობებში იყო.
ინგა საკუთარ ისტორიას „doctrina.ge“ მკითხველს უზიარებს.
მე საქართველოდან გავემგზავრე მაშინ, როდესაც ქვეყანა იყო ძალიან მძიმე პირობებში, ეს კი საგრძნობლად აისახებოდა ხელოვნების დარგში. მე თვითრეალიზაცია მჭირდებოდა. ამერიკამ მომხიბლა თავისი უსაზღვრო პოტენციალითა და შესაძლებლობებით. აქ არავინ არასოდეს არ გრძნობს თავს უცხოდ. თუ მოინდომებ და იშრომებ, ამ ქვეყანაში ყველაფერს მიაღწევ.
ინგა მათ, ვისაც აქვთ სურვილი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სცადონ საკუთარი უნარების რეალიზება, რჩევებს აძლევს და აღნიშნავს, რომ, უპირველესად, აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა.
პირველ ყოვლისა, საჭიროა, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის. აგრეთვე, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ყველა სიძნელეს მარტო, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უცხო ქვეყანაში შეიძლება, სხვა არავინ იყოს, ვინც დაგეხმარებათ. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდათ.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხიოთ უკან არაფერზე, თუნდაც მაშინ, როდესაც შეუძლებლად გეჩვენებათ ამა თუ იმ მიზნის მიღწევა. შეიძლება, ბევრი იმედგაცრუება შეგვხდეთ შემოქმედებით გზაზე, მაგრამ არასოდეს არ დანებდეთ და არ დაყაროთ ფარ-ხმალი. გააგრძელეთ შრომა და, თუ დაჟინებით იბრძოლებთ, მაშიმ აუცილებლად მიახწევთ თქვენს დასახულ მიზანს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“