პარიზის მიწისქვეშა კატაკომბები 20 მეტრის სიღრმეზე განთავსებული ლაბირინთია, რომელიც 6 მილიონზე მეტი ადამიანის საძვალედ ქცეულა. კატაკომბების ისტორია XVIII საუკუნის შუა წლებიდან იწყება. ამ პერიოდისათვის პარიზში სასაფლაოები წარმოუდგენლად გადატვირთული იყო. ერთ სასაფლაოში, სხვადასხვა სიღრმეზე ათამდე ნეშტი იყო დაკრძალული. სასაფლაოების ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებდათ ინფექციური დაავადებები და არაჰიგიენურობა.
1418 წელს ეპიდემიას 50 000 ადამიანი ემსხვერპლა პარიზში, 1572 წელს „ბართლომეს ღამეს“ კი ათასობით, შესაბამისად სასაფლაოები ერთიანად გადაივსო. გადაწყვიტეს სასაფლაოები დაეკეტათ, გაეთავისუფლებინათ ქალაქი საუკუნოვანი ნეშტებისგან და ისინი კარიერში გადაეტანათ. 15 თვის განმავლობაში უწყვეტად ეზიდებოდნენ ძვლებს, დეზინფექციას უტარებდნენ და მიწისქვეშა კარიერში ათავსებდნენ. შედეგად პარიზში გათავისუფლდა 17 დიდი სასაფლაო და 300-მდე საკულტო ადგილი. მიწისქვეშა ლაბირინთს 1786 წლიდან დაერქვა კატაკომბები.
XIX საუკუნის დასაწყისამდე კატაკომბებში ჩასვლა მხოლოდ დიდებულებს შეეძლოთ. ცნობილია, რომ ნაპოლეონს სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ხშირად ჩაჰყავდა მიწისქვეშა ლაბირინთში და ათვალიერებინებდა კატაკომბებს. დღეს ეს ადგილი ყველასთვის ღიაა და წელიწადში 550 000-მდე ვიზიტორიც ჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ დამთვალიერებლებისთვის ღიაა მხოლოდ 1, 7 კილომეტრიანი ლაბირინთი, რაც კატაკომბების მხოლოდ 0,5%-ია. საძვალეში დაკრძალულნი არიან: მაქსიმილიან რობესპიერი, ანტუან ლავუაზიე, ბლეზ პასკალი და ასე შემდეგ.
პარიზის კატაკომბების ისტორია
გაზიარება: