close
ეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერები – სწრაფად დნობადი მყინვარები უცნობი ბაქტერიების დიდი რაოდენობას გამოყოფენ

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სწრაფად დნობადი მყინვარები მდინარეებსა და ნაკადულებში ბაქტერიების დიდ რაოდენობას გამოყოფენ, რამაც შეიძლება  ყინულოვანი ეკოსისტემები გარდაქმნას.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 10 ადგილიდან მყინვარული ჩამონადენის შესწავლისას, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მომდევნო 80 წლის განმავლობაში გლობალური დათბობის გაგრძელებამ შეიძლება ასობით ათასი ტონა ბაქტერიის გამოყოფა გამოიწვიოს.
„მყინვარები გაყინული წყლის უზარმაზარი მარაგი გგვონია, მაგრამ ამ კვლევის მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ისინი ასევე ეკოსისტემებია“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს აბერისტუითის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა და კვლევის ავტორმა არვინ ედვარდსმა BBC-თან საუბარში.
მყინვარების შინაარსის შესწავლა ისტორიის სხვა დროის კარის გაღებას ჰგავს. მათში ჩაფლული მიკრობები შეიძლება იყოს სასარგებლო, ახალი ნაერთების მდიდარი წყარო, როგორიცაა ანტიბიოტიკები. თუმცა, მკვლევარები, რომლებიც ამ ახალ კვლევაზე მუშაობდნენ, აცხადებენ, რომ მყინვარების დნობის შედეგად ტონობით ბაქტერია უფრო სწრაფად გამოიყოფა, ვიდრე მეცნიერებს შეუძლიათ მათი ნუსხის გაკეთება.
დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის მყინვარული ჰიდროლოგის, იან სტივენსის ხელმძღვანელობით ჯგუფმა გამოიკვლია ზედაპირული დნობის წყალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ათი მყინვარიდან: ევროპის ალპებში, გრენლანდიაში, სვალბარდში და კანადის არქტიკის შორეულ მიდამოებში.
ყოველ მილილიტრ წყალში საშუალოდ ათიათასობით მიკრობის პოვნის შემდეგ, მათ შეაფასეს, რომ მყინვარების დნობის შედეგად წარმოქმნილ წყლებში მომდევნო 80 წლის განმავლობაში, შესაძლოა, ასი ათას ტონაზე მეტი ბაქტერია გამოიყოს.
ეს არის 650 000 ტონა ნახშირბადის ექვივალენტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გამოიყოფა მდინარეებში, ტბებსა და ოკეანეებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დადნება მყინვარები და რამდენად სწრაფად შევზღუდავთ ემისიებს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ემისიების „შუა გზაზე“ სცენარის მიხედვით, რომლის დროსაც გლობალური ტემპერატურა 2-დან 3 °C-მდე მოიმატებს, დნობის შედეგად წარმოქმნი წყალში ბაქტერიების მასები პიკს ათწლეულების განმავლობაში მიაღწევენ, სანამ, მყინვარების კლებასთან ერთად, მთლიანად გაქრება.
“გამოყოფილი მიკრობების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დადნება მყინვარები და, შესაბამისად, რამდენად სწრაფად გავაგრძელებთ პლანეტის დათბობას. მაგრამ გამოყოფილი მიკრობების მასა ზომიერი დათბობის შემთხვევაშიც კი დიდია”, – აღნიშნა ედვარდსმა.
მკვლევარებს ბაქტერიების ცალკეული შტამები არ შეუსწავლიათ და მხოლოდ მათი კომბინირებული ბიომასა შეაფასეს. ასე რომ, მათ ვერ შეძლეს რაიმე სახეობის იდენტიფიცირება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. არც ის დაუდგენიათ მიკრობები აქტიური იყვნენ, მიძინებული, დაზიანებული თუ მკვდარი.
„რისკი ალბათ ძალიან მცირეა, მაგრამ საკითხი მაინც ყურადღებით შეფასებას საჭიროებს“, – განაცხადა ედვარდსმა.
შემდგომი კვლევების გარეშე, ვერ გავიგებთ, როგორ შეიძლება მიკრობების უეცარმა ნაკადმა ხელი შეუწყოს გარემოს შემდგომ ცვლილებას. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს მიკრობული ჯგუფების პროდუქტიულობასა და ბიომრავალფეროვნებაზე, ისევე როგორც ბიოგეოქიმიური ციკლებზე.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Communications Earth & Environmen-ში გამოქვეყნდა.

გაზიარება:
fb-share-icon0