5 თებერვალს, პარიზის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დარბაზში ჩანს მამაკაცი საქართველოს დროშით, რომელსაც საქართველოს ჰიმნის გაგონებაზე ცრემლები მოსდის და გულზე გამარჯვების მუშტს ირტყამს…
სოციალურ ქსელში ყველა კითხულობდა ვინ იყო ემიგრანტი კაცი, რომელიც თანამემამულის საგულშემატკივროდ დარბაზში მივიდა და გრიგალაშვილის გამარჯვების ემოციები მთელი საქართველოს სახელით გამოხატა. ეს კაცი ესპანეთში მცხოვრები გოგიტა შამუგიაა, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა და იმ დროს იმღერა საქართველოს ჰიმნი, როდესაც საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო აწეული… ოცნება აუსრულდა მის უფროს ვაჟსაც, დავითს, რომელიც თავადაც ძიუდოს ვარჯიშობს და საყვარელი სპორტსმენი პირადად გაიცნო…
გოგიტა შამუგია დევნილია, საქართველო 2000 წელს დედასთან ერთად დატოვა, თუმცა მანამდე იყო უმძიმესი ბავშვობა და აფხაზეთის ომი, რომელსაც მისი ოჯახის წევრი, მამა შეეწირა…
AMBEBI.GE შამუგიას ესპანეთში დაუკავშირდა:
– მამა და ბიძა აფხაზეთის ომში იბრძოდნენ, ჩვენ გალის რაიონ ქვემო ბარღებიდან ვართ… ომის დაწყების შემდეგ ცოტა ხნით, ზუგდიდში ზედა ეწერში გადმოვედით, სწორედ მაშინ, 1994 წლის 9 აპრილს მოკლეს მამა აფხაზებმა. ისინი ერთი წელი მამას ცხედარს ეძებდნენ, ჩემი მშობლების ქორწინების სურათები დაჰქონდათ და მეზობლებს ეკითხებოდნენ, სად არის დასაფლავებულიო.
სიკვდილამდე 45 დღით ადრე ვნახე მამა და მითხრა, ნუ გეშინია, არავინ მომკლავს, არ ვიცი, როდის გნახავ, მაგრამ რომ დავბრუნდებით ხარი უნდა დაგიკლაო. მამა რომ მოკლეს, ბებიამ მეზობლების დახმარებით, ბოსტანში დაასაფლავა, შემდეგ კი მთელი ბოსტანი გადაბარა, რომ ეჭვი არ აეღოთ რომ იქ იყო დასაფლავებული.
მალევე მეზობელს ვთხოვეთ და მამის ცხედარი მათი მიცვალებულის საფლავის კართან დავასაფლავეთ. ჩუმად დავდიოდით საფლავზე, მე, დედა ჩემი და. მთელ ოჯახს გვეძებდნენ აფხაზები, რადგან მამა ცნობილი მეომარი იყო. საბოლოოდ 1995 წელს გავუკეთეთ მამას თავისი საფლავი… მეხუთედ დავასაფლავეთ. მამას ძმაკაცებმა მისი დაპირებული ხარი დაკლეს, ქელეხი წლისთავზე გადავუხადეთ…
– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
-1997 წელს ომში დაღუპული გმირების შვილები უცხოურმა ორგანიზაციამ რაღაც პროგრამით ესპანეთში წაგვიყვანეს. ორი თვე ესპანურ ოჯახში ვიცხოვრე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აფხაზებმა მორიგი წმენდა მოაწყეს და ისევ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით, ოჯახი ტყეში გავიხიზნეთ. უმძიმესი დღეები გავიტანეთ, მეზობლები სასტიკი წამებით დაგვიხოცეს, ახლაც მახსოვს მათი სისხლიანი ხელები… იმ ღამეს, ჩვენს ოჯახში კაზაკები შემოვიდნენ და ჩემ დას შუბლზე ავტომატის ლულა მიადეს, შემდეგ რამდენიმე დღე ჰქონდა სისხლჩაქცევა. დედას ოქროს სთხოვდნენ, მაგრამ იარაღის მეტი სახლში არაფერი გვქონდა, ბოლოს არაყი წაიღეს და წავიდნენ.
– ოჯახი წახვედით ესპანეთში?
– მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ჩემი 15 წლის და მოიტაცეს და დაოჯახდა. დავრჩით მე და დედა. ესპანურმა ოჯახმა, სადაც 2 თვე ვიცხოვრე 200 დოლარი გამომიგზავნეს, მაშინ პირველად ვნახე ამდენი ფული და წერილი, სადაც მიწვევდნენ. კიდევ ორი თვით ჩავედი და წამოსვლისას მითხრეს, რომ დედაც წამომეყვანა და ისე დავბრუნებულიყავი. მიშვილეს, დედაც წამოვიყვანე და 1 წელი ვიცხოვრე მათთან. შემდეგ სახლი მოგვცეს, დედამ მუშაობა დაიწყო და ვცხოვრობთ მას შემდეგ აქ. ამ ამბების შემდეგ 1000 ბავშვი მყავს ჩამოყვანილი საქართველოდან ბანაკებში, აფხაზეთიდან, კოდორის ხეობიდან.
წყარო : ambebi.ge