close
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოა

BBC – რატომ დაინგრა თურქეთში ამდენი შენობა მიწისძვრის შედეგად? ქსპერტები აცხადებენ, რომ სათანადოდ აშენებულ შენობებს უნდა გაეძლოთ

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ახლად აშენებული ბინების ნგრევის ხილვამ აღშფოთება გამოიწვია. BBC-მ შეისწავლა ნანგრევებად ქცეული სამი ახალაშენებული შენობა იმის შესასწავლად, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების წესები მათი აშენებისას.
იმ ფაქტმა, რომ მიწისძვრის შედეგად ზოგიერთი უახლესი კორპუსიც კი მტვრად იქცა, შენობის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით კითხვები გამოიწვია.
თანამედროვე სამშენებლო ტექნიკის საშუალებით შენობებს უნდა შეეძლოთ  ამ მაგნიტუდის მიწისძვრებს გაუძლონ და ქვეყანაში მანამდე მომხდარი სტიქიების შემდგომ დაწესებული რეგულაციები უნდა უზრუნველყოფდნენ ასეთი სტანდარტების შენობების არსებობას.
BBC-ის მიერ იდენტიფიცირებული სამი ახალი ჩამონგრეული შენობიდან პირველი შარშან აშენდა და სოციალურ მედიაში გავრცელდა რეკლამები, რომელშიც ნათქვამია, რომ შენობა “მიწისძვრის უახლესი წესების შესაბამისად აშენდა” და ყველა გამოყენებული მასალა და შესრულებული სამუშაო “პირველი კლასის ხარისხის” იყო.
ახალი მშენებლობა ნიშნავს, რომ ის უნდა აშენებულიყო უახლესი სტანდარტებით, რომელიც 2018 წელს განახლდა და რომელიც მოითხოვს, რომ მიწისძვრისადმი მიდრეკილ რეგიონებში არსებულ სტრუქტურებში გამოიყენონ ფოლადის ღეროებით (არმატურა) გამაგრებული მაღალი ხარისხის ბეტონი. სვეტები და კოჭები კი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ეფექტურად გაუძლონ მიწისძვრების ზემოქმედებას.
გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ საპორტო ქალაქ ისქენდერუნში კიდევ ერთი ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი დიდწილად განადგურდა – 16-სართულიანი შენობის გვერდითა და უკანა მხარე მთლიანად ჩამოინგრა.
BBC-მ დანგრეული შენობის სურათი სამშენებლო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სარეკლამო ფოტოს შეადარა, რომელიც აჩვენებს, რომ მისი მშენებლობა 2019 წელს დასრულდა.
ეს ნიშნავს, რომ ის ასევე უახლესი სტანდარტებით აშენებული უნდა ყოფილიყო. BBC პასუხისმგებელ სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
კიდევ ერთი ფოტოზე, რომელიც ქალაქ ანთაქიაშია გადაღებული, ჩანს, რომ ცხრასართულიანი ბინების კომპლექსის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. BBC -მ აღმოაჩინა კომპლექსის გახსნის ცერემონიის ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრები საკმაოდ, ძლიერი იყო, ექსპერტები აცხადებენ, რომ სათანადოდ აშენებულ შენობებს უნდა გაეძლოთ.
”ამ მიწისძვრის მაქსიმალური ინტენსივობა ძლიერი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ კარგად აშენებული შენობები აუცილებლად დაენგრია. უმეტეს ადგილას რყევის დონე მაქსიმალურზე ნაკლები იყო, ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, ათასობით ჩამონგრეული შენობიდან თითქმის ყველა არ შეესაბამებოდა მიწისძვრის მშენებლობის კოდექსს“, – განაცხადა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვისა და მართვის ექსპერტმა, პროფესორმა დევიდ ალექსანდერმა BBC-სთან საუბარში.
თურქეთში სამშენებლო რეგულაციები წინა სტიქიების შემდეგ გამკაცრდა, მათ შორის 1999 წლის იზმითის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 17 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისეთი ქვეყნები, როგორიც არის იაპონია, სადაც მილიონობით ადამიანი მჭიდროდ დასახლებულ მაღალსართულიან შენობებში ცხოვრობს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძლიერი მიწისძვრების ისტორია აქვს, აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სამშენებლო რეგულაციებს ადამიანების დაცვა კატასტროფების დროს.
სამშენებლო უსაფრთხოების მოთხოვნები დამოკიდებულია შენობის დანიშნულებასა და ტერიტორიების სეისმურ საშიშროებასა და რისკებზე და მოიცავს ზომებს დაწყებული მარტივი გამაგრებიდან დამთავრებული მთელი სტრუქტურის გიგანტურ ამორტიზატორზე დადგმით, რათა მიწისძვრის შემთხვევაში შენობა მიწის მოძრაობისგან იზოლირებული იყოს.
თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი თურქეთში 25 000-ს აღწევს, 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას სირიაში.

გაზიარება:
fb-share-icon0