close
ემიგრანტისაქართველო

“მნიშვნელოვანია, გვქონდეს სიღრმისეული ინფორმაცია იმ სახელმწიფოს შესახებ, რომელშიც ვგეგმავთ საკუთარი თავის რეალიზებას” – გერმანიაში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგი

სამყაროში ამა თუ იმ ადამიანს სხვადასხვა მოტივი აძლევს ბიძგს, დატოვოს საკუთარი ქვეყანა და სხვა ტერიტორიაზე განაგრძოს ცხოვრება. მათ შორის, ერთერთი ძირითადი მიზეზი პროფესიული უნარების განვითარება და გამოცდილების გაღრმავება გახლავთ. მიხეილ სარჯველაძე ქართველი პოლიტოლოგია, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს. მას აქვს საკუთარი ისტორია, თუ რა მიზეზების გამო მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, პირველად სამშობლოს დატოვების სურვილი მას ჯერ კიდევ 2005 წელს გაუჩნდა, ამის მიზეზად კი პრობლემურ განათლების სისტემას ასახელებს.

საკუთარი ისტორიის, პროფესიული განვითარებისა და პირადი გამოცდილების შესახებ, მიხეილი “დოქტრინას” ესაუბრა.

ამჟამად, ვარ იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის პოსტდოკი და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გერმანული ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი. ჩემი კვლევის ძირითად საგანს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენს. ამავდროულად, ვიკვლევ გლობალური მნიშვნელობის მქონე აქტორების (მაგ. რუსეთის ფედერაცია, ევროკავშირი, ამერიკის შეერთბული შტატები) საგარეო პოლიტიკას რეგიონთან მიმართებით. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის ანალიზს ვაქვეყნებ ძირითადად გერმანულ პლატფორმებზე და რეგიონის შესახებ ცოდნას გერმანულ საზოგადოებას თუ ექსპერტულ წრეებს გერმანული მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების მეშვეობით ვუზიარებ.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განგეხორციელებინათ საკუთარი მიზნები?

საქართველოს დატოვების სურვილი თავდაპირველად 2005 წელს, პრობლემური განათლების სისტემის გამო გამიჩნდა, რადგან მივიჩნევდი, რომ ჩემთვის საინტერესო ცოდნის შეძენას გერმანიაში უფრო მოვახერხებდი, ვიდრე საქართველოში. გარდა ამისა, მსურდა, რომ უკეთ შემესწავლა გერმანული ენა, რადგან ზოგადად გერმანია და გერმანული კულტურა ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ენა გარესამყაროსთან კავშირისთვის აუცილებელი გასაღებია, რომელიც ადამიანს საშუალებას გაძლევს, გაიცნო შენთვის მანამდე უცნობი და ერთი შეხედვით შეუღწეველი სივრცე. გერმანიაში თავდაპირველად გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიით მოვხვდი და აღფრთოვანებული დავრჩი გერმანული უნივერსიტეტებით. გერმანიაში 2007 წელს დავბრუნდი Au pair-ის პროგრამის მეშვეობით. 2012 წელს დავასრულე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე  „მეოცე საუკუნის პოლიტიკა და ისტორია“ იენის უნივერსიტეტში. გერმანიის პარლამენტში ხუთთვიანი სტაჟირების შემდეგ, 2012 წელს დავბრუნდი საქართველოში, სადაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ვმუშაობდი კონრად ადენაუერის ფონდს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში. საქართველოში დაბრუნებისას დახმარება გამიწია საერთაშორსო მიგრაციის ცენტრის (CIM) წარმომადგენლობამ საქართველოში. თუმცა, რადგან აუცილებლად მსურდა დისერტაციის დაწერა ჩემთვის საინტერესო თემაზე, კერძოდ კი – გერმანულ-ქართულ ურთიერთობებზე, 2013 წელს ისევ გერმანიაში დავბრუნდი. 2018 წელს დავასრულე მუშაობა დისერტაციაზე „გერმანია და სამხრეთ კავკასია. საქართველო გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფოკუსში 1992-2012 წლებში“, რომელიც 2019 წელს შპრინგერის გამომცელობამ გამოსცა. გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობისთვის საქართველოსთან შედარებით კარგი პირობებია, თუმცა, კონკურენცია მაღალია და აკადემიური კარიერა არა მხოლოდ ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, არამედ – დიდ რისკთან. რისკთან, რადგან თუ ვერ მიაღწევ მიზანს და მაგ. ვერ გახდები პროფესორი, მხოლოდ აკადემიურ სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილებით სამუშაო ბაზარზე თავის დამკვიდრება რთულდება.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად, ჩემი მოსაზრებით, უპირველესი წინაპირობა საჭირო ენის ცოდნაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გვქონდეს სიღრმისეული ინფორმაცია იმ სახელმწიფოს თუ საზოგადოების შესახებ, რომელშიც ვგეგმავთ საკუთარი თავის რეალიზებას.უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდების პროცესში მნიშვნელოვანია კავშირები იმ პროფესიული სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთანაც ჩვენი საქმიანობა დაკავშირებული, რადგან პირადი თუ პროფესიული სახის კონტაქტები ნებისმიერ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია კარიერული თვალთაზრისით.  ქართველებს ხშირად გვგონია, რომ სამყარო ჩვენ ირგვლივ ბრუნავს და ჩვენ უნდა ვიყოთ მოვლენათა ეპიცენტრში, თუმცა, რეალურად, საქართველო შეზღუდული რესურსების მქონე, პატარა ქვეყანაა, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უხდება ნავიგირება და რომლის ბედიც ჩვენ გარდა ასევე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც სხვა ქვეყანაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში არ დავივიწყოთ ჩვენი ქვეყანა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მათ შორის პროფესიული კავშირები და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ მის ინტეგრაციას დასავლეთთან, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს განვითარების და გადარჩენის ერთადერთ პრაგმატულ ალტერნატივას წარმოადგენს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0