ადამიანები, საკუთარი პროფესიიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ვდგებით. ჩვენ მიერ არჩეული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა აღმოვჩნდეთ იქ, სადაც განვითარების მეტი შანსი გვაქვს.
ნინო გვეტაძე ჰოლანდიაში მცხოვრები პიანისტია. უკვე 2004 წლიდან, მან დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, რათა არაერთი პროფესიული წარმატებისთვის მიეღწია. დღეს ის ჰოლანდიაში ძალიან წარმატებული ადამიანია. დეტალურად, რას საქმიანობს პიანისტი ჰოლანდიაში, როგორია მისი ყოველდღიურობა და რა იყო ის მიზეზი, რამაც მას ბიძგი მისცა, საქართველო დაეტოვებინა – „დოქტრინას“ ნინო თავად ესაუბრა.
მე გახლავართ პიანისტი, როტერდამის კონსერვატორის პროფესორი, ნაარდენის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალის თანადამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2004 წლიდან ჰოლანდიაში, ამსტერდამში ვცხოვრობ, მაქვს საკმაოდ დატვირთული საკონცერტო განრიგი ევროპაში და ხშირად გახლავართ საერთაშორისო კუნკურსების ჟიურის წევრი.ჰოლანდიაში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი. თბილისის კონსერვატორიას არაჩვეულებრივი საფორტეპიანო სკოლის ტრადიცია აქვს, მეც შესანიშნავი პედაგოგები მყავდა: ვერონიკა თუმანიშვილი, ნოდარ გაბუნია და ნანა ხუბუტია, თუმცა, მუსიკოსის ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო, როდესაც საკუთარი თავი უნდა იპოვო და გაეცნო შენი ქვეყნის გარეთ მიმდინარე მუსიკალურ ცხოვრებას. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ზუსტად ევროპაში გამეგრძელებინა სწავლა, იქ – სადაც კლასიკური მუსიკის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.
როგორც ნინო აღნიშნავს, მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა ყოველწლიურად ფესტივალის ახალ პროგრამაზე მუშაობა. ის აღნიშნავს, რომ მის საქმიანობაში ერთ ადგილზე გაჩერებას წარუმატებლობა მოაქვს.
მიზნები და სურვილები ბუნებრივად ცხოვრების გარკვეულ ეტაპთან არის დაკავშირებულ, ეს იქნება ახალი დისკის ჩაწერა თუ ახალ რეპერტუარზე მუშაობა. ძალიან მიყვარს ყოველ წელს ფესტივალის პროგრამის დაგეგმვა, რაც შესაძლებლობას მაძლევს, რომ ქართული მუსიკა და შემსრულებლები ევროპულ მსმენელს კიდევ უფრო კარგად გავაცნო. ჩვენს პროფესიაში ერთ ადგილას გაჩერება უკუსვლის ტოლფასია, ასე რომ, ყოველთვის წინ ვიყურები და ვცდილობ, რეალობას და დროს ფეხი ავუწყო.
ნინო რჩევებს აძლევს მათ, ვისაც აქვს სურვილი, საკუთარი პროფესიული მიზნებიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევა უცხო ქვეყანაში სცადონ.
საჭიროა ბევრი შრომა და პროფესიონალიზმი, ისევე – როგორც იღბალი. რაც მთავარია, აუცილებელია საქმის მიმართ ერთგულება და სიყვარული, რადგან ეს არის ის, რაც უდიდეს სტიმულს, შთაგონებას და ენერგიას გვაძლევს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”