მკვლევრებმა თავის ტვინის სიმსივნის რევოლუციური მკურნალობის გზას მიაგნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ახალი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოყენებული ბუნებრივი ნაერთებისგან დამზადებული პრეპარატი თაგვებში ავთვისებიანი ტვინის სიმსივნეების წინააღმდეგ, რაც ქმნის კვლევის პერსპექტიულ გზას გლიობლასტომას მკურნალობისთვის.
გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ტიპია. მკურნალობის სტანდარტს წარმოადგენს ქიმიოთერაპია, რადიაცია და ქირურგია, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს სიმპტომები, მაგრამ არ განკურნოს ან შეაჩეროს კიბო.
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 14 აპრილს ჟურნალ Cell Reports Medicine-ში, მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ აუმჯობესებს ნაერთის ფორმულირება, სახელად ინდირუბინი, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე თაგვების გადარჩენის მაჩვენებელს. მათ ასევე გამოცადეს ახალი ფორმულირება, რითაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარებას.
„საინტერესოა, რომ ეს წამალი მიზანში იღებს დაავადების უამრავ მნიშვნელოვან მახასიათებელს”, – განმარტა შონ ლოულერმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა. “ეს აღსანიშნავია, რადგან კიბოს ეს ტიპი მუდმივად ეძებს გზებს თავდასხმის ცალკეული მექანიზმების შემოვლით. ასე რომ, თუკი ერთდროულად გამოვიყენებთ თავდასხმის რამდენიმე მექანიზმს, ალბათ, უფრო წარმატებით გადავჭრით პრობლემას.”
ინდირუბინი არის ინდიგოს მცენარეებში არსებული ბუნებრივი პროდუქტი და ტრადიციული ჩინური მედიცინის, ტანგკუეი ლუნგ ხუეი ვანის, შემადგენელი ნაწილი, რომელიც, მკვლევართა აზრით, გამოიყენებოდა ქრონიკული მიელოლეიკემიის სამკურნალოდ. ინდირუბინისგან წარმოებულმა წამლებმა აჩვენა კიბოს მკურნალობის პოტენციალი მთელი რიგი მექანიზმების მეშვეობით. ლოულერისა და სხვების მიერ 10 წლის წინ გამოქვეყნებულმა კვლევამ წარმოაჩინა, რომ ინდირუბინი ანელებს გლიობლასტომას სიმსივნეების ზრდას თაგვებში. თუმცა, მისი თქმით, მკვლევრებმა ვერ შეძლეს მიზეზის ახსნა. უფრო მეტიც, მოდიფიცირებულ წამალთან მუშაობა არც თუ ისე ადვილი იყო, რის გამოც მეცნიერებს გაუჭირდათ დოზის დონის შემოწმება ან მისი ეფექტურად მიწოდება სიმსივნემდე.
როდესაც მეცნიერები აგრძელებდნენ ნაერთის კვლევას, მათ დაუკავშირდათ მასაჩუსეტსის ბიოსამედიცინო კომპანია Phosphorex, რომელიც ავითარებს ტექნოლოგიას ფარმაცევტული ფორმულირებების გასაუმჯობესებლად. ფოსფორექსმა დააპატენტა ინდირუბინის ფორმულირება, სახელწოდებით 6′-ბრომოინდირუბინ აცეტაქსიმი (BiA), რამაც გააადვილა ამ ნაერთის გამოყენება კიბოს სამკურნალოდ.
მკვლევრებმა გამოცადეს BiA-ს ნანონაწილაკების ფორმულირება გლიობლასტომას სიმსივნეებზე თაგვებში, გაამახვილეს რა ყურადღება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა პრეპარატი იმუნურ სისტემაზე. BiA-მ არა მხოლოდ შეანელა სიმსივნური უჯრედების ზრდა და გამრავლება (რითაც დაადასტურა წინა კვლევების შედეგები), არამედ გააუმჯობესა გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვან იმუნოთერაპიულ სამიზნეებზე ზემოქმედებით.
„წამალმა ისეთი გავლენა მოახდინა იმუნურ სისტემაზე თაგვების ამ ექსპერიმენტში, რომ, ვფიქრობთ, იგი ხელს შეუწყობს კლინიკური იმუნოთერაპიის გაძლიერებას ადამიანებში”, – აღნიშნა ლოულერმა.
კიბოს ეროვნული ინსტიტუტის გრანტით, მკვლევრები გააგრძელებენ პრეპარატის ტესტირებას, რათა ნახონ, როგორ ურთიერთქმედებს ის ქიმიოთერაპიასა და დასხივებასთან. ლოულერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ გლიობლასტომას, თერაპიაში მნიშვნელოვანი მიღწევები აქამდე არ ყოფილა. ეს კვლევა კი გვთავაზობს ახალ მიდგომას, რომელმაც გლიობლასტომას დამარცხების იმედები უკვე გააჩინა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“