close
კვლევები

გენური თერაპიის შემდეგ, პარალიზებულმა თაგვმა გავლა შეძლო

გენური ინჟინერიის გზით შექმნილი ცილის წყალობით, გერმანელმა მეცნიერებმა პარალიზებული თაგვის ხერხემალში ფუნქციადაკარგული ნერვების აღდგენა შეძლეს. მკურნალობის შემდეგ კი სრულად პარალიზებულმა თაგვმა გავლა შეძლო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გასულ კვირას, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გენური თერაპია პირველი მეთოდია, რომელიც დაზიანებული და უფუნქციო ნერვების აღდგენას ახერხებს. აღნიშნული შედეგი კი იძლევა იმედს, რომ შეიძლება ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებამ, ამ მეთოდის ადამიანებში გამოყენებამდე მიგვიყვანოს; შესაბამისად კი, შეიძლება პარალიზებული ადამიანების მკურნალობის საშუალება მივიღოთ. თუმცა, აქამდე, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.

აქამდე არსებული ყველა მეთოდი, რომლითაც მეცნიერები ნერვის დაზიანებასთან გამკლავებას ცდილობენ, მოიცავს ნაწილობრივ გაწყვეტილი ნერვების მკურნალობას, ან მათ ჩანაცვლებას გრაფტებით. ახალი მეთოდი კი საშუალებას აძლევს სრულად გაწყვეტილ, ანუ უფუნქციო ნერვს ისევ გაიზარდოს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ნევროლოგიაში.

კვლევის თანახმად, მკურნალობის უზრუნველსაყოფად, მეცნიერებმა, გენური ინჟინერიის გზით, შეიმუშავეს ცილა (ჰიპერ-ინტერლეიკინი-6), რომელიც ნეირონის ზრდას ასტიმულირებს. ხოლო, ექსპერიმენტის ფარგლებში, გერმანიის Ruhr-University Bochum-ის მეცნიერებმა თაგვის ტვინში გენეტიკური სეკვენსი შეიყვანეს, რომელიც ამ ცილის წარმოებისთვის იყო აუცილებელი. თაგვის მიზნისმიერად “დაპროგრამებულმა” უჯრედებმა ამ ცილის წარმოება დაიწყეს, შესაბამისმა ცილამ კი საკუთარი მისია შეასრულა – თაგვის ძვლის ტვინის დაზიანებულ და სრულად გაწყვეტილ ნეირონებს ახლიდან გაზრდის საშუალება მისცა.

„მკურნალობის ამ მეთოდმა პარალიზებულ ცხოველებს, რომლებზეც ის გამოვცადეთ, საშუალება მისცა 2-3 კვირაში აღედგინათ გადაადგილების შესაძლებლობა”, – თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა და RUB-ის ფიზიოლოგმა, დიტმარ ფიშერმა, გავრცელებულ პრესრელიზში და დასძინა, “ეს შედეგი ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რადგან აქამდე არავის დაუმტკიცებია, რომ სრული პარაფლეგიის შემდეგ, ეს შესაძლებელია”.

პრეს-რელიზის მიხედვით, გუნდისთვის შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, რამდენად ხანგრძლივი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ სახის გენურ თერაპიას. შესაბამისად, გუნდი ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებზე დაკვირვებას აგრძელებს.

„ახლა ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების მოსინჯვის ეტაპზე ვართ. შემდგომი ექსპერიმენტები, სხვა დეტალებთან ერთად, იმასაც გვიჩვენებს, რამდენად შეგვიძლია ეს ახალი მიდგომა, მომავალში, ადამიანებში გამოვიყენოთ”, – ამბობს ფიშერი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0