1945 წლის 16 ივლისს დილით, შეერთებული შტატების არმიამ მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის გამოსცადა.
ენერგიის გამოყოფამ, რომელიც 21 კილოტონა ტროტილის ექვივალენტურია, ააორთქლა 30 მეტრიანი საცდელი კოშკი და რამდენიმე კილომეტრის სიგრძის სპილენძის მავთულები, რომლებიც საცდელ კოშკს ჩამწერ მოწყობილობასთან აკავშირებდა. მიღებულმა ცეცხლოვანმა სფერომ კოშკი და სპილენძი შეაერთა ასფალტთან და უდაბნოს ქვიშასთან და ახალ მინერალად, სახელად ტრინიტიტად ჩამოყალიბდა.
ათწლეულების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საიდუმლო, რომელიც იმალება ამ ტრინიტიტის ნაჭერში – მატერიის იშვიათი ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც კვაზიკრისტალები, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი ეგონათ.
“კვაზიკრისტალები იქმნება ექსტრემალურ გარემოში, რომელიც იშვიათად არსებობს დედამიწაზე, მათ ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ტრავმული მოვლენა ექსტრემალური შოკით, ტემპერატურით და წნევით“,- განმარტა ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის გეოფიზიკოსმა, ტერი უოლასმა.
კრისტალების უმეტესობა, სუფრის მარილიდან დაწყებული ბრილიანტებით დამთავრებული, ერთსა და იმავე წესს ემორჩილება: მათი ატომები განლაგებულია ბადის სტრუქტურაში, რომელიც მეორდება სამგანზომილებიან სივრცეში. კვაზიკრისტალები არღვევენ ამ წესს – ნიმუში, რომელშიც მათი ატომებია განლაგებული, არ მეორდება.
იცოდნენ რა, რომ კვაზიკრისტალების წარმოებისთვის ექსტრემალური პირობებია საჭირო, მეცნიერთა ჯგუფმა იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტის გეოლოგ ლუკა ბინდის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა უფრო დეტალურად შეესწავლა ტრინიტიტი, მაგრამ არა მწვანე მასალა, არამედ ბევრად უფრო იშვიათი ფორმა – წითელი ტრინიტიტი, რომელსაც ეს ფერი აორთქლებული სპილენძის მავთულის შეფერილობის გამო აქვს.
სკანირების ელექტრონული მიკროსკოპიისა და რენტგენის დიფრაქციის გამოყენებით, მათ გააანალიზეს წითელი ტრინიტიტის ექვსი მცირე ნიმუში.
“ეს კვაზიკრისტალი ბრწყინვალეა თავისი სირთულით – მაგრამ ჯერ ვერავინ იტყვის, რატომ ჩამოყალიბდა იგი ამ გზით, თუმცა, ოდესმე, მეცნიერები ან ინჟინერები გაარკვევენ ამას და გვექნება მისი შექმნის თერმოდინამიკური ახსნა. შემდეგ, იმედი გვაქვს, შევძლებთ ამ ცოდნის გამოყენებას ბირთვული აფეთქებების უკეთ ასახსნელად, რაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს უფრო სრულ სურათამდე, თუ რას წარმოადგენს ბირთვული ტესტი”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათივე თქმით, კვლევა ხელს შეუწყობს უკანონო ბირთვული ტესტების ამოცნობას, ბირთვული შეიარაღების გავრცელების შეზღუდვის მიზნით.
”სხვა ქვეყნების ბირთვულ იარაღში გარკვევა მოითხოვს, გვქონდეს მკაფიო გაგება მათი ბირთვული ტესტების პროგრამების შესახებ”, – აცხადებენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებში (PNAS) გამოქვეყნებული კვლევის ავტორები.
წყარო : sciencealert.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა