პროფესიული მიზნების მისაღწევად ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭირო, მათ შორის, საკუთარი სამშობლოს დატოვება. შედეგად, ადამიანები ირჩევენ ქვეყანას, სადაც მათი ცოდნის სრულყოფისთვის მეტი რესურსია. ჩვეულებრივ, ასეთ მოცემულობაში საჭიროა ბევრი შრომა, სირთულეებისა და იმედგაცრუების გადალახვა და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, აქამდე უცნობ მიწა-წყალზე ადაპტირება.
ლევან ტიელიძე ახალი ზელანდიის, ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერია. ოთხ წელზე მეტია, რაც ის აღნიშნულ ქვეყანაში იმყოფება და სხვადასხვა პროფესიული აქტივობით არის დაკავებული. თუმცა, „დოქტრინასთან“ საუბრისას ლევანი აღნიშნავს, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად არაერთი მიზეზი აქვს.
რას საქმიანობთ ახალ ზელანდიაში?
2019 წელს ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში დავიწყე სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა, რომელიც ეხებოდა სამხრეთ ალპებში მეოთხეული პერიოდის გამყინვარება-კლიმატის რეკონსტრუქციას. დისერტაციაზე მუშაობა 2022 წელს დავასრულე და მას შემდეგ ვარ ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი.
საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განგეხორციელებინათ მიზნები?
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს საქართველოში სადოქტორო დისერტაცია უკვე დაცული მქონდა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე მოსახვედრად კიდევ მეტი ცოდნის მიღება მჭირდებოდა. შესაბამისად, საქართველოში მიღებული დოქტორის ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა ჩემი პროფესიული განვითარების მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მეორე სადოქტორო კვლევაზე მუშაობა საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა – არც აქ მოხვედრა იყო მარტივი.
სამშობლოში დაბრუნებას და აქ საქმიანობას თუ გეგმავთ?
მიუხედევად იმისა, რომ ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ახალ ზელანდიაში ვარ, საქართველოსთან პროფესიული კონტაქტი არასდროს გამიწყვიტავს. ჩემი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია კავკასიონთან, შესაბამისად, დაბრუნების დიდი სურვილიც მაქვს. გარდა ამისა, 2022 წლიდან ვარ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ესეც ერთგვარ პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ დაბრუნებაზე ვიფიქრო. დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში შევძლოთ გლაციოლოგიური შინაარსის სრულფასოვანი კომპლექსური კვლევების ჩატარება და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ. თუმცა, სამომავლოდ რამდენად შესაბამისი გარემო პირობები იქნება, ამის დაზუსტებით თქმა ცოტა ძნელია.
რა რჩევებს მისცემდით მათ, ვისაც საზღვარგარეთ სურთ პროფესიული საქმიანობის გაგრძელება?
ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღება მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდ სამეცნიერო შესაძლებლობებს ჯერჯერობით ვერ გვთავაზობს. უცხო ქვეყანაში საკუთარის თავის თუნდაც რეალიზების მცდელობა პიროვნულად და პროფესიულად ზრდის ადამიანს და დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძებს. თუმცა, იმისთვის, რომ საზღვარგარეთ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო, ჯერ შენი თავის უცხო გარემოში დამკვიდრება უნდა შეძლო, რაც თავსითავად რთული პროცესია და ამისთვის ბევრი შრომა და დიდი მოთმინებაა საჭირო.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“