გლობალურ სამუშაო ბაზარს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დიდი შეფერხებები დაატყდება თავს, რადგან ეკონომიკა სუსტდება და კომპანიები სულ უფრო მეტად იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, – ამის შესახებ“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ (WEF) ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 800-ზე მეტი კომპანიის გამოკითხვებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ შეფასებით, დამსაქმებლები 2027 წლისთვის 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 83 მილიონი პოზიციის გაქრობას ელიან, რაც, საერთო ჯამში, 14 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს, ეს კი ამჟამინდელი სამუშაო ადგილების 2%-ს შეადგენს.
ამ პერიოდში შრომის ბაზრის რყევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. განახლებადი ენერგიის სისტემებზე გადასვლა მძლავრი ძრავა იქნება სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხოლო ნელი ეკონომიკური ზრდა და მაღალი ინფლაცია ზარალს გამოიწვევს.
იმავდროულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისკენ სწრაფვა იქნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ძალა.
კომპანიებს დასჭირდებათ ახალი თანამშრომლები, რომლებიც დაეხმარებიან მათ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვასა და მართვაში. WEF-ის თანახმად, მონაცემთა ანალიტიკოსებისა და მეცნიერების, მანქანათმცოდნეობის სპეციალისტებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების დასაქმება 2027 წლისთვის საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.
ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავრცელება ბევრ პოზიციას საფრთხის ქვეშ დააყენებს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში რობოტები ანაცვლებენ ადამიანებს. WEF-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის, შეიძლება, აღრიცხვასა და ადმინისტრაციულ სამუშაოსთან დაკავშირებული 26 მილიონით ნაკლები სამუშაო ადგილი იყოს.
იმავდროულად, კომპანიებს ახალი მიდგომა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა უნარები სჭირდებათ მათ თანამშრომლებს. WEF-ის თანახმად, ფირმები ახლა უფრო მეტად აფასებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების უნარს, ვიდრე კომპიუტერულ პროგრამირებას.
წყარო : edition.cnn.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”