close
კვლევები

ადრე გაღვიძება დეპრესიის რისკს 23%-ით ამცირებს – კვლევა

ჟურნალ JAMA Psychiatry-ში კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 1 საათით ადრე გაღვიძება ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკს მთელი 23%-ით ამცირებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა 23andMe-დან და გაერთიანებული სამეფოს Biobank-დან 800 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები აიღეს. მათგან 85 000 ძილის ტრეკერს ატარებდა, 250 000-მა გამოკითხვა შეავსო, სადაც წერდნენ, რომ ისინი იყვნენ ტოროლები (დილის ადამიანები), ღამის ადამიანები ან ისინი, რომლებიც, ამ ორს შორის, სადღაც შუაში არიან გამოკიდებულნი.

აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დასაძინებლად დაახლოებით 11 საათზე წვებოდა და 6 საათზე იღვიძებდა. შემდეგ მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს მათ გენეტიკურ მონაცემებს და სამედიცინო ჩანაწერებს იმის შესახებ, იღებდნენ თუ არა ისინი დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან ოდესმე თუ ჰქონდათ დასმული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.

შედეგებმა აჩვენა, რომ დილის ადამიანები 23%-ით ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისკენ დანარჩენებთან შედარებით. ასევე აღმოჩნდა, რომ 1 საათით ადრე დაძინებამ და, შესაბამისად, დილით ჩვეულებრივზე 1 საათით ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, დეპრესიის რისკი 23%-ით შეამციროს. ჩვეულებრივზე 2 საათით ადრე დაძინებამ კი, შესაძლოა, მთელი 40%-ით შეამციროს ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკი.

კვლევის მთავარი ავტორი იიას დაგლასი განმარტავს, რომ “ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მორგებულია დილის ადამიანებზე და ღამის ადამიანები ხშირად თავს ისე გრძნობენ, თითქოს ისინი მუდმივ შეუსაბამობაში არიან საზოგადოების საათთან”.

დაგლასმა ისიც აღნიშნა, რომ საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება იმის დასამტკიცებლად, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც შედარებით გვიან იღვიძებენ, ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, რეალურად შეამციროს დეპრესიის რისკი. ისიც უნდა ითქვას, რომ ღამის ადამიანების დეპრესიულობას მხოლოდ მათი გენეტიკა არ განაპირობებს — მათ ისეთ საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება, რომელიც სხვა ტემპით მოძრაობს. ამის შედეგად, ისინი ყოველთვის ისე გრძნობენ თავს, თითქოს ამ დროს ჩამორჩნენ, გარიყულები არიან და რამენაირად მას უნდა დაეწიონ. აქედან გამომდინარე, მათ მუდმივად უწევთ რაღაცასთან ბრძოლა, რაც სხვებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

თუნდაც ერთი საათით ადრე გაღვიძება შეუძლებელი არავისთვისაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ამან ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე შეიძლება ძალიან კარგი გავლენა იქონიოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0