close
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

ადამიანებზე კბილების ხელახლა გასაზრდელ პრეპარატს გამოცდიან

იაპონელი მეცნიერები გეგმავენ, რომ კბილების ხელახლა გასაზრდელად მათ მიერ შემუშავებული თერაპია ადამიანებზე გამოცადონ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, რეგენერაციისთვის საჭირო პრეპარატი 2030 წლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერ კიდევ 2021 წელს კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომლითაც ვიგებთ, რომ თაგვებში USAG-1-ის სახელით ცნობილი ცილა კბილების ამოსვლას აფერხებს. ასევე, დადგინდა, რომ ამ ცილის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის გაუვნებლებით მღრღნელებში კბილების რეგენერაცია შედგა.

იმავე გუნდმა სათანადო პრეპარატი შექმნა, რომელიც USAG-1-ის ფუნქციას ბლოკავს და თაგვებში ახალი კბილების გაზრდას უწყობს ხელს. იგივე შედეგი დაფიქსირდა ქრცვინებშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური მახასიათებლები აქვთ.

ავტორები ფიქრობენ, რომ ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შემდეგ, ახლა უკვე ადამიანთა ჯერია. კვლევის ახალი ეტაპის დაწყება 2024 წლის ივლისში იგეგმება.

„ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა დანტისტის ოცნებაა. ამაზე დამამთავრებელი კურსიდან მოყოლებულია, ვმუშაობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგს მივაღწევდი. იმედი გვაქვს, მედიკამენტის კლინიკურ გამოყენებამდე გზას გავკვალავთ”, – აცხადებს მეცნიერი კაცუ ტაკაჰაში.

ასაკის მატებასთან ერთად, კბილების დაკარგვის რისკი იზრდება და, სარძევე კბილებისგან განსხვავებით, მათ ახალი წყება აღარ ანაცვლებს. ზემოხსენებული თერაპიით კი შესაძლოა, ე.წ. მესამე თაობის რეგენერაციას მივაღწიოთ. შედეგები იმედის მომცემია და არაა გამორიცხული, პრეპარატი რამდენიმე წელში ფართო გამოყენებისთვის მზად იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0